აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძე, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრ გივი მიქანაძესთან ერთად, ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში წყალტუბოს საზაფხულო ბანაკის მონაწილე აფხაზეთიდან დევნილ ახალგაზრდებს შეხვდა.
მოზარდებმა ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში თანამედროვე ტექნოლოგიური ლაბორატორიები, საგანმანათლებლო სივრცეები, ინტერაქციული სამეცნიერო და ტექნოლოგიური მუზეუმი, საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამების სივრცეები და სტარტაპების განვითარების ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
შეხვედრის ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძე და გივი მიქანაძე ახალგაზრდების წინადადებებსა და ინიციატივებს გაეცნენ და მათ შეკითხვებს უპასუხეს. შეხვედრაში ასევე აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის მინისტრი გიორგი ძაძამია მონაწილეობდა.
წყალტუბოს საზაფხულო ბანაკი აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის განათლებისა და კულტურის სამინისტროს ორგანიზებითა და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის ჩართულობით იმართება და მასში აფხაზეთიდან დევნილი 35 მოსწავლე მონაწილეობს.
სასწავლო-შემოქმედებითი ბანაკის მიზანია მოზარდებისთვის უსაფრთხო, მრავალფეროვანი და განვითარებაზე ორიენტირებული გარემოს შექმნა, სადაც ისინი შეძლებენ ცოდნის გაღრმავებას, ახალი უნარების განვითარებას, თანატოლებთან ურთიერთობასა და შემოქმედებით აქტივობებში მონაწილეობას.
