”ქართული ოცნების” ერთ-ერთი ლიდერი გია ვოლსკი გამოეხმაურა საქართველოს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის განცხადებას იმის შესახებ, რომ პრეზიდენტის არჩევა ქართველი ხალხის უფლებაა.
”გიორგი მარგველაშვილი კი არის პრეზიდენტი, მაგრამ იგი არ განაპირობებს გადაწყვეტილებებს, რომელიც ხალხის მიერ არჩეულმა პარლამენტმა უნდა მიიღოს. შეიძლება ეგრეც იყოს როგორც თვითონ ამბობს, რომ პრეზიდენტი ხალხმა აირჩიოს, მაგრამ ზოგადად, გვართან თანამდებობის დაკავშირება არის არასწორი”, – განაცხადა ვოლსკიმ.
მისივე თქმით, სასკანდალო თემის შემოტანა საჭირო არ არის, რადგან საზოგადოება ისედაც ბევრ სტრესს განიცდის.
ვოლსკი მიიჩნევს, რომ ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, როგორც საჭირო იქნება.
”განსაკუთრებით დამახასიათებელია ასეთი განცხადებები ”ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ კიდევ დაძაბულ სიტუაციაში ჰაერიდან შემოაქვს დაძაბულობა. პრეზიდენტმაც, პრემიერმაც, პარლამენტის წევრმაც და თავმჯდომარემაც, უნდა ვისაუბროთ ერთ საკითხზე, როგორ შედგება საკონსტიტუციო კომისია, რა პრინციპებზე იქნება ამ კომისიის მუშაობა დამყარებული, ვინ ჩაერთვება მუშაობაში და ა.შ. მარგველაშვილი, ვოლსკი და სხვები ამ საკითხს არ წყვეტენ, გააჩნია მართვის რა რესურსი ექნება პრემიერს, პრეზიდენტს და პარლამენტს და ამის მიხედვით ქვეყნისთვის როგორ იქნება უკეთესი და არა მარგველაშვილისთვის, კვირიკაშვილისთვის თუ კობახიძისთვის, რომელიც იმედია არჩეული იქნება პარლამენტის თავმჯდომარედ”, – აღნიშნა ვოსლკიმ.