“ნაციონალური მოძრაობა” შესაძლოა ორად გაიყოს – ამის შესახებ პოლიტიკურ სპექტრში უკვე ალაპარაკდნენ. როგორც პოლიტოლოგი ვახტან ძაბირაძე აცხადებს, საბოლოო ჯამში, როგორც ჩანს, პარტია მაინც გაიყოფა. გარდა იმისა, რომ აზრთა შეუთავსებლობაა, გარკვეული შიდა პროცესებიც მიმდინარეობს. ანუ, მთლად ისე არ არის, რომ “ნაციონალურ მოძრაობაში” იმ ადამიანებს, ვინც სააკაშვილს ემხრობა ან ეწინააღმდეგება, ერთიანობის შენარჩუნება უნდოდეთ. ეს პარტია გაიყოფა, ოღონდ, რას მოიტანს ეს პროცესი, წარმატებას თუ წარუმატებლობას, ეს უკვე იმაზე იქნება დამოკიდებული, ზოგადად, პოლიტიკური პორცესი როგორ განვითარდება”, – განაცხადა ძაბირაძემ. “ქართული ოცნების” წევრი ზვიად ძიძიგური აღნიშნავს, რომ პარტია უკვე გაიყო ორი მიმართულებით. “ნაციონალური მოძრაობა” დაიყო ორი მიმართულებით – “მიშისტებად” და “გიგისტებად”, ანუ გიგა ბოკერიას მხარდამჭერებად და ეს ყველაფერი გამოიხატება მათ დამოკიდებულებაში მიმდინარე პოლიტიკურ საკითხებთან თუ ოპონირებასთან დაკავშირებით”, – განაცხადა ზვიად ძიძიგურმა. “ნაციონალურ მოძრაობის” წევრი ელენე ხოშტარია კი ამბობს, რომ პარტიაში ცვილელებები დაიწყო, რაც არჩევნების შემდეგ ნორმალური პროცესია და გაყოფა ან დაშლა არაფერ შუაშია. “ცხადია, თუ ჩვენ ვართ ნორმალური პარტია, ამ ყველაფერმა უნდა დაგვაფიქროს. თუ როგორ შევიცვალოთ და განვვითარდეთ, რათა საზოგადოების გამოწვევებს ვუპასუხოთ. ახლა, ამ პროცესში ყველა თანხმდება, სააკაშვილიც, უგულავაც და სხვებიც, რომ ცვლილებები უნდა იყოს. ხოლო იმაზე, თუ როგორი ცვლილებები იქნება, აზრთა სხვადასხვაობა თუ არ გვქონდა, მაშინ რობოტები უნდა ვიყოთ“, – განაცახადა ელენე ხოშტარიამ.
გაიყოფა თუ არა “ნაციონალური მოძრაობა” ორ ნაწილად? – ამ კითხვით “რეზონანსმა” საზოგადოების წარმომადგენლებს მიმართა – წერს გაზეთი “რეზონანსი” ტრადიციულ რუბრიკაში მოსაზრებები.
“ორივე მხარის პოზიცია იმიტაციაა, რეალობაა, თუ რა არის, დღემდე გაუგებარია. დიდი ალბათობა ჩანს იმისი, რომ პარტია გაიყოს. თუმცა, რასაც ჩვენ ვუყურებთ, ძალზედ მცირეა, ე.წ. სააკაშვილის ფრთა, რომელიც შეიძლება არც შეიწოვოს დანარჩენმა ნაწილმა. ან თუ გამოცხადდნენ პარლამენტში, მაშინ მათი გაყოფის აუცილებლობა არ დადგება, ნუ შესაძლებელია, გარკვეული ფაქტორები იყოს, რამაც ამაზე იმუშაოს. თვითმიზანი ის იქნება, რომ ბოკერიას ფრთა მთლიანად შეადგენდეს ამ ნაწილს, რადგან თუ ე.წ. სააკაშვილის ფრთა დარჩა, მათთან მიმართებაში “ქართული ოცნება” “ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ გამოვა და ეს მაინცდამაინც ეფექტური გადაწყვეტა ვერ იქნებოდა. ეს შეიძლება იყოს ერთ-ერთი მიზეზი რულოვსთან დაკავშირებით, რატომაც მას შეიძლება, პარლამენტში ყოფნის მოტივაცია არ ჰქონდეს”, – აცხადებს ანალიტიკოსი არჩილ გამზარდია გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას.
“რამდენიმე თვის წინ ვაცხადებდი თქვენი გაზეთის საშუალებით და ახლაც გეტყვით, რომ “ნაციონალური მოძრაობის” დაშლა დაიწყო. მე ვფიქრობდი, რომ ეს იქნებოდა მოკლე ხანში და ასრულდა კიდეც ჩემი მოსაზრებები. მათი დაშლა დაწყებულია, პარტია ორ ბანაკად არის გახლეჩილი. საერთოდ “ნაცმოძრაობა”, როგორც პოლიტიკური ძალა, დამთავრებულია. მან 2016 წელის 8 ოქტომბერს იმღერა თავის გედის სიმღერა და დაამთავრა. ახლა მათი არსებობა ინერციით გრძელდება“, – ამბობს პოლიტოლოგი იგორ კვესელავა.
“არ ვიცი “ნაციონალური მოძრაობა” გაიყოფა თუ არა ორ ნაწილად. შესაძლებელია სამადაც გაიყონ, კონკრეტულად ვერაფერს გეტყვით“, – მიიჩნევს მუსიკოსი ნატო გელაშვილი.
“ისინი მაინც საკმაოდ არიან პარლამენტში წარმოდგენილნი და არ მგონია გაიყოს. შესაძლოა, გარკვეული ნაწილები ჩამოეშალოთ, მაგრამ ვფიქრობ, რომ ძირითადი ბირთვი დარჩება. არ მგონია, ისეთი გაყოფა მოხდეს, რომ ისინი ნულამდე დავიდნენ, როგორც ეს ხდება ხოლმე. რადგან მათ მომავალი ოთხი წელი საყრდენი აქვთ პარლამენტში და ვფიქრობ, შენარჩუნდებიან, როგორც საკმაოდ სერიოზული მხარე”, – დასძენს ისორიკოსი გია ანჩბაძე.