ოდესის გუბერნატორი მიხეილ სააკაშვილი ამბობს, რომ ის დანაზოგით ცხოვრობს, რომელიც კიდევ 6 თვის განმავლობაში ეყოფა. უკრაინის ქართველმა მაღალჩინოსანმა მის ფინანსურ შემოსავლებზე, უკრაინულ ტელეარხ 112 Украина- ს ეთერში განაცხადა.
გადაცემის მსვლელობისას ტელეწამყვანმა აღნიშნა, რომ გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი მინისტრები ხელფასის სახით, არაფორმალურად თვეში 50 ათას დოლარს იღებენ, რაზეც ოდესის გუბერნატორმა აღნიშნა, რომ მას არაფორმალურად არაფერს უხდიან და რომ ის დანაზოგით ცხოვრობს.
„ახალ საერთაშორისო ლიდერთა ამერიკული ინსტიტუტიდან მე წელიწადში ხელფასის სახით, 200 000 დოლარს ვიღებდი. ეს ყველაფერი ხდებოდა ოფიციალურად და ლეგალურად. მას შემდეგ, რაც მე აქ ჩამოვედი, ძალიანაც მინდოდა იმ ხელფასის კვლავ მიღება, მაგრამ მე ამიხსენეს, რომ ეს იყო შეუძლებელი. ამიტომ, ახლა ის მე კიდევ 6 თვე მეყოფა“, – განაცხადა სააკაშვილმა უკრაინულ არხთან საუბრისას.
ექს-პრეზიდენტის ფინანსური შემოსავლები და ხელფასი, საზოგადოებისა და მედიისთვის მუდმივი ინტერესის საგანს წარმოადგენს. მიმდინარე წლის ზაფხულში ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი მისი ხელფასით უკმაყოფილო იყო და რომ უკრაინაში ერთ წელიწადზე მეტ ხანს არ გაჩერდებოდა.
“ერთი წელიწადი გავჩერდები, მეტი არა. თუ ჩვენ ნამდვილ ხელფასს არ ავიღებთ უკრაინაში – ქვეყანა ვეღარ გაუძლებს”,- დაიჩივლა მაშინ ოდესის გუბერნატორმა ტელეკომპანია ICTV-სთან ინტერვიუში.
როგორც ცნობილია, ოდესის ოლქის მმართველის ხელფასი თვეში 5644 გრივნას – 267 დოლარს შეადგენს. დოკუმენტში, რომელიც ოდესის ოლქის სახელმწიფო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ვლადიმირ კულაკოვმა გამოაქვეყნა, მითითებულია, რომ “ვალუტის დღევანდელი კურსის მიხედვით, ოდესის ოლქის ხელმძღვანელის ხელფასი თვეში დაახლოებით, 267 დოლარია”.
ოდესის გუბერნატორად დანიშვნამდე კი, ცნობილია, რომ მიხეილ სააკაშვილის ანაზაღაურება ერთ-ერთ ამერიკულ ინსტიტუტში 200 ათას დოლარს შეადგენდა. ამის შესახებ ექს-პრეზიდენტმა , მაშინ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზეც დაწერა.
„მათთვის ვისაც აინტერესებს, ვიტყვი რომ სანამ ოდესაში დავინიშნებოდი, ამერიკაში ჩემი ხელფასი შეადგენდა 200 000 დოლარს, ამას კი ემატებოდა შემოსავალი ლექციებიდან და საჯარო გამოსვლებიდან. მე და ჩემი მეგობრები უკრაინის მთავრობაში მოვედით არა ფულისთვის, არამედ ხალხის დასახმარებლად, რადგან ხალხის მსახური ყოველთვის ფულზე მთავარია. რთულია აუხსნა ხალხს, რომელსაც ამდენი პრობლემა აქვს, რომ მთავრობის მუშაკებს მეტი ხელფასი სჭირდებათ. მე ვაპირებ მოვიყვანო ახალი პატიოსანი ხალხი, მას შემდეგ, რაც ფული წავა ბიუჯეტში და არა კორუმპირებული პოლიტიკოსების ჯიბეში, მივცემ მათ ღირსეულ ხელფასს და ამასთან, გავზრდით პენსიებს, დავაგებთ გზებს და გავაუმჯობესებთ შეიარაღებულ ძალებს“, – წერდა მიხეილ სააკაშვილი.
www.plus.kvira.ge