საქართველოს საპატრიარქო ორი ქართველი ახალგაზრდის საბერძნეთში ბერად აღკვეცის თაობაზე განცხადებას ავრცელებს.
როგორც საპატრიარქოს ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, არქიმანდრიტი დიონისე საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახურია და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა სათანადო ნებართვის გარეშე არ უნდა განეხორციელებინა.
”უკვე სამი დღეა ინტერნეტსივრცეში დაიდო ინფორმაცია თბილისის სასულიერო სემინარიის II კურსის სტუდენტ მათე შენგელიას და ახალგაზრდული ევროპარლამენტის წევრ, მეთორმეტე კლასის მოსწავლე გიორგი ქათამაძის შესახებ, რომლებიც საბერძნეთში არქიმანდრიტ დიონისეს (გვარად კოლუმბოკასი) მიერ დიდ სქემაში აღიკვეცნენ.
პირადი საუბრებით ვრცელდება ინფორმაცია იმის თაობაზეც, თითქოს, ეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით მოხდა, რაც რეალობას არ შეესაბამება.
ეს ორი ახალგაზრდა ადრე სხვადასხვა ღონისძიებაზე რამდენჯერმე ესტუმრა საპატრიარქოს. მათდამი იყო კეთილგანწყობა, მაგრამ აღნიშნულ თემაზე საუბარი არასოდეს არავისთან შემდგარა.
ახლახან კი ისინი, უკვე აღკვეცილები წარუდგნენ მის უწმინდესობას სამების საკათედრო ტაძარში წირვის დროს და იქ უთხრეს მომხდარის შესახებ.
შევნიშნავთ, რომ არქიმანდრიტი დიონისე (კოლუმბოკასი) არის საბერძნეთის ეკლესიის მღვდელმსახური და მას საქართველოს ეკლესიის წევრების აღკვეცა არ უნდა განეხორციელებინა ჩვენის მხრიდან სათანადო ნებართვის გარეშე; მით უმეტეს, აღნიშნული პიროვნებები არიან 18-20 წლისანი და მორჩილად ყოფნის პერიოდიც არა აქვთ გავლილი.
არქიმანდრიტ დიონისესგან ეს არის მორიგი სერიოზული დარღვევა და უხეში არასწორი ქმედება.
დიდ-სქემოსანმა ბერმა ირინეოსმა, (იგივე მათე შენგელიამ) და დიდ-სქემოსანმა ბერმა იერონიმემ (იგივე გიორგი ქათამაძემ) არჩევანი თვითონ გააკეთეს და ისინი ამიერიდან საქართველოს ეკლესიის იურისდიქციას აღარ ეკუთვნიან”, – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ უკვე სამი დღეა სოციალურ ქსელში ვრცელდება ბერად აღკვეცილი 17 წლის შვილის ემოციური წერილი დედას, სათაურით – “გიხაროდეს და ამიერიდან თავაწეულმა იარე, შენი შვილი ღვთისმშობელმა მიიღო თავის სავანეში”.
ევროპელ დიპლომატთა ასოციაციის დელეგატი ევროპის პარლამენტსა და ევროსაბჭოში, ყველაზე ახალგაზრდა ქართველი დიპლომატი გიორგი ქათამაძე ბერად აღიკვეცა. 17 წლის გიორგი საბერძნეთში, თესალიაში მდებარე პეტრას მონასტერში აღიკვეცა ბერად და ამიერიდან ბერი იერონიმეს სახელით იწოდება.
აღკვეცილმა ახალგაზრდა ევროპარლამენტარმა ამ ამბის შესახებ წერილი გამოაქვეყნა, რომელშიც დედას და ოჯახის წევრებს მიმართავს.
„გამარჯობა, ჩემო საყვარელო, ჩემო კეთილო დედა! მაპატიე, რომ ვიმსახიობე, პოლიტიკური თამაშები და როლები მოვირგე, რომ შევნიღბულიყავი დროებით, რათა ხელი არ შეგეშალათ ჩემს არჩევანში. მაპატიე ტყუილები, რითაც ნორვეგიაში წავედი, ხოლო შემდგომ საბერძნეთში და დაგიმალეთ ყველას. მე ჩემი არჩევანი რომ არ გამეკეთებინა, უთუოდ ცუდი რამ დატრიალდებოდა ჩვენს ოჯახში, რადგან უფალი მეძახდა და არ მივდიოდი მასთან. გიხაროდეს, დედა, გაუწყებ ჩემს ენით აუწერელ სიხარულს, გიზიარებ ჩემს ბედნიერებას: შენი შვილი, შენი გიორგი პეტრას წმინდა მონასტერში ბერად აღიკვეცა“. – ამონარიდი წერილიდან.
საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს
2016/05/18 19:48:54
კომენტარები
ნანახია: 2922 ჯერ