დავით მათიკაშვილი მიხეილ სააკაშვილი პირადი ექიმის განცხადებას გამოეხმაურა, რომელმაც აღნიშნა, რომ ყოფილ პრეზიდენტს „თავისუფლად მკურნალობის საშუალება უნდა მიეცეს“.
„კურორტზე გადაყვანა“ არ უთქვამს ექსპრეზიდენტის პირად ექიმს, თუმცა დამერწმუნეთ, რომ მას ვინც უსმენდა, ყველას ზუსტად ეს შთაბეჭდილება დარჩა, რომ ექიმი კურორტზე გადაყვანას ითხოვდა. მინდა ვთქვა, რომ განსასჯელის და პატიმრის სტატუსი, აბსოლუტურად სხვა ვალდებულებებია და ის არ მოდის თანხვედრაში ასეთ „კეთილ“ სურვილებთან. აუხდა ოცნება ექსპრეზიდენტის პირად ექიმს, რადგან ის ადგილი, სადაც პატიმარი სააკაშვილი იხდის მსჯავრს ნამდვილად წარმოადგენს კურორტს იმ ციხესთან შედარებით, რომელიც თვითონ შექმნა“, – ამბობს მათიკაშვილი.
„ჩემი გულწრფელი აზრია, როგორც ექიმის და შეიძლება კოლეგები და საქართველოს მოსახლეობა არ დამეთანხმოს, მაგრამ მე რომ ვწყვეტდე, ასეთ პაციენტს მივცემდი მკურნალობის უფლებას ციხეების გარეთ“, – განაცხადა ნიკოლოზ ყიფშიძემ სააკაშვილის გორის ჰოსპიტალში მონახულების შემდეგ.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1-ელ ოქტომბერს დააკავეს. პატიმრობაში მყოფმა სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. სააკაშვილის ადვოკატები და სახალხო დამცველი ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო საავადმყოფოში გადაყვანას ითხოვდნენ, იუსტიციის სამინისტრო კი აცხადებდა, რომ #18 სასჯელაღსრულების (სამკურნალო) დაწესებულებაში სააკაშვილის მკურნალობისთვის ყველა აუცილებელი პირობა არსებობს.