დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით კონკრეტული ნაბიჯების შესახებ სამოქმედო გეგმა უახლოეს დღეებში გახდება ცნობილი, – ამის შესახებ ნათქვამია ლარის კურსთან დაკავშირებით საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
“საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკი საერთაშორისო სავალუტო ფონდთან კონსულტაციის შედეგად, გეგმავს რიგი კომპლექსური ზომების გატარებას, მათ შორის:
1. მომავალი წლის ბიუჯეტში ძირითადი აქცენტი გადატანილი იქნება ეკონომიკური ზრდის დაჩქარებაზე – გაიზრდება ინფრასტუქტურული პროექტების პორტფელი. ამასთან, მოხდება ადმინისტრაციული ხარჯების მნიშვნელოვანი შემცირება და 2017 წლის ბიუჯეტი ორიენტირებული იქნება სტაბილური და მდგრადი ფისკალური გარემოს განმტკიცებაზე. ანალოგიური მიდგომა იქნება შემდგომი წლების ბიუჯეტების მიმართაც;
2. უახლოეს დღეებში, გაცხადდება ერთობლივი სამოქმედო გეგმა, რომელიც, სხვა ღონისძიებებს შორის, გულისხმობს საბაზრო მექანიზმებზე დაფუძნებული კონკრეტული ნაბიჯების გადადგმას დოლარიზაციის თანმიმდევრული შემცირების მიმართულებით.
შედეგად, დაჩქარდება ეკონომიკური ზრდა როგორც მოკლევადიან, ისე გრძელვადიან პერსპექტივაში. მოსახლეობის დიდი ნაწილი აღარ იქნება დამოკიდებული გარე ნეგატიური ფაქტორებით გამოწვეული ლარის კურსის მოკლევადიან რყევებზე და არსებითად გაჯანსაღდება ეკონომიკური გარემო ქვეყანაში.
დარწმუნებულნი ვართ, რომ გეგმით გათვალისწინებული ღონისძიებები ასევე ხელს შეუწყობს პოზიტიური მოლოდინების შექმნას და ლარის კურსის დასტაბილურებას“, – ნათქვამია მთავრობის ადმინისტრაციის განცხადებაში.