თბილისის საქალაქო სასამართლოში მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძისა და ავთანდილ წერეთლის სასამართლო პროცესი იწყება.
“რიგითი მოქალაქე ვარ აქ, თანამებრძოლი იმ ასობით ათასი საქართველოს მოქალაქისა, რომელიც ებრძვის რეჟიმს. ებრძვის იმიტომ კი არა, რომ რეჟიმი ჩაანაცვლოს, არამედ იმიტომ, რომ თავისუფლება მოიპოვოს. თუ ვინმე ებრძვის, ებრძვის ამ ადამიანებს. ამიტომ, ვფიქრობ, ხელისუფლება, რეჟიმის სახით ძალიან მოწადინებულია რა თქმა უნდა, რომ მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე დააკავოს, ამ თამაშში ისინი შევიდნენ წლების წინ, მაგრამ ვერ გაბედავენ ამ ყველაფერს. მათ ძალიან უნდათ, მაგრამ ამისი თავი არ აქვთ. მართლაც აქვს რაღაცას საზღვარი, პოლიტპატიმარი პოლიტპატიმარზე, ეს უკვე ზედმეტია. ბატონ ივანიშვილს ეს ძალიან უნდა, მაგრამ ვერ გააკეთებს. ვერც მამუკა ხაზარაძეს დააკავებენ, ვერც ბადრი ჯაფარიძეს და ვერც წერეთლების ოჯახს შეეხებიან”, – განაცხადა ნიკა მელიამ, რომელიც საქმეში ბრალდებულების მხარდასაჭერად დღევანდელ სასამართლო სხდომაზე მივიდა.
