მარტა კოსის განცხადება მანიპულაციურია. MAGA-სთან თანამშრომლობა და ურთიერთობა თუ გაქვს, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპულ სტანდარტს არ იცავ. გამჭვირვალობის მიზნით თუ კანონს იღებ, ეს არ ნიშნავს, რომ ევროპულ სტანდარტს უპირისპირდები. ბევრ საკითხს მარტა კოსი ისე იყენებს, რომ პოლიტიკური უზნეობაა, – ამის შესახებ პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ განაცხადა.
ვოლსკიმ კომენტარი გააკეთა გაფართოების საკითხებში ევროკომისარის მარტა კოსის განცხადებაზე, რომლის თანახმადაც: „ევროკავშირში გაწევრიანების მსურველმა ქვეყნებმა დონალდ ტრამპის MAGA-ს მოძრაობასთან კავშირები უნდა გაწყვიტონ, რათა ორგანიზაციის წევრობა შეძლონ“.
„რეალობა სხვაა – საქართველო დამოუკიდებელი სახელმწიფოა, რომელსაც საკმაო რესურსი აქვს, რათა თავის გამოყენების საშუალება არავის მისცეს. ამერიკის ადმინისტრაციასთან თუ თანამშრომლობ ან ჩინეთთან გაქვს სტრატეგიული თანამშრომლობა და ევროპასთან ისეთი ურთიერთობა, რაც გაწყობს, ეს არ ნიშნავს, რომ რაღაც იდეოლოგიას ემსახურები, MAGA-სთან გექნება ურთიერთობა თუ ჩინეთთან. ემსახურები საკუთარ ქვეყანას. მცდელობაა, არავითარი საშუალება არ გქონდეს, ურთიერთობა განავითარო და ქვეყანა გადაარჩინო. ამერიკასთან თავიანთი ინტერესებით მოქმედებენ და სხვას ნებისმიერი ნაბიჯის გადადგმას უკრძალავენ. მათი ინტერესია, ისეთ ნაბიჯს თუ გადადგამ, რაც მათგან არ არის დაშვებული, ეს მიიღონ საფუძვლად, რომ შემოგიტიონ და აქ ექსტრემისტული პროცესები განავითარონ, თორემ ეს ყველაფერი თავადაც კარგად იციან. მათ ინტერესებს ვინც არ მიჰყვება, შეიძლება, მარტა კოსის შეტევის სამიზნე გახდეს. ცოტა ხნის წინ ბორელმა თქვა, ევროკავშირი ოაზისია, დანარჩენი ჯუნგლებიაო. ზოგის აზრით, გრძელვადიანი ინტერესი არის, რომ ევროკავშირის ახალი წევრი არც გადამწყვეტი ხმით და არც სათათბირო ხმით არ სარგებლობდეს. ამ ინტერესს რეალიზაცია არ უწერია, რადგან ევროპა თავის თავს გადაარჩენს მმართველობის იმ უბედური სისტემისგან, რომელიც სხვა ქვეყნების ინტერესს არ ითვალისწინებს. პატარა საქართველოს რას ერჩიან? ერთადერთი ინტერესია, საზარბაზნე ხორცად გამოიყენონ“, – აღნიშნა გია ვოლსკიმ.
