“არ გინდათ ეს დავარცხნილი და აბანოდან გამოსული საუბარი ბატონო პეტრე,” – ასე მიმართა “ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ბადრი შუბლაძემ “ჯორჯიან თაიმსის” პირდაპირ ეთერში “მართვის სტრატეგიული ინსტიტუტის” ხელმძღვანელს, პეტრე მამრაძეს.
“თუ ვიცით ისტორია ისიც უნდა ვიცოდეთ, რომ 11 მლნ გაზრდილი ბიუჯეტი დაგიტოვათ და მის მერე გახდა ბიძინა ივანიშვილი ქველმოქმედი იმიტომ, რომ საქართველოში უკვე იმდენი ფული იყო, რომ ბიუჯეტიდან მოპარვა ღირდა. სააკაშვილის დროს საგარეო ვალი 9 მილიარდი იყო, დღეს კი 35 მილიარდია. საქართველო დღეს ცხოვრობს მხოლოდ და მხოლოდ ემიგრანტების გამოგზავნილი ფულით და სესხით. ერთი თქვენ მითხარით, იმ თქვენი ქველმოქმედის რომელი ფაბრიკა, ან ქარხანა ააშენა რომელიც დღეს მუშაობს. აი, დამისახელეთ რომელი?! – ხომ უნდა აეშენებინა ასი ქარხანა, მითხარით სად არის აშენებული,” – განაცხადა ბადრი შუბლაძემ.
რაზეც, პეტრე მამრაძემ განაცხადა, “მოდის სრული დეზინფორმაცია. ეს არ არის პოზიცია! ამ აფსურდს ვუსმინოთ, თუ მოვისმინოთ ფაქტები?!”
მამრაძის აღნიშნულმა განცხადებამ ბადრი შუბლაძის გაღიზიანება გამოიწვია და მან პეტრე მამრაძეს მიმართა, რომ ასე საუბარი არ ღირდა.
“არ გინდათ ეს დავარცხნილი და აბანოდან გამოსული საუბარი ბატონო პეტრე. კაცურად, ვაჟკაცურად მითხარით აი, ეს გააკეთა [ბიძინა ივანიშვილმა] და ეს არა. რად მინდა ეს დავარცხნილი საუბარი. მივარცხნი აქ, არა მაქვს მე დასავარცხნი თმა თავზე!” – განუცხადა ბადრი შუბლაძემ პეტრე მამრაძეს.