საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით, თურქეთიდან მაღალი ხარისხის GMP სტანდარტების შესაბამისი წამლები შემოვა, რაც საქართველოში მნიშვნელოვნად და ძალიან სწრაფად გააიაფებს მედიკამენტების ფასებს. პრემიერის თქმითვე, ყველაზე მოთხოვნადი წამლები საქართველოში თუ ღირს პირობითად 10 ლარი, თურქეთში ღირს ლარი და ორი ლარი.
მაგალითისთვის, მედიკამენტი “კრესტორი” რომლის მწარმოებელია “astra zeneca” და გამოიყენება კარდიოლოგიაში – თურქეთში შესასყიდი ფასია 1.12. საქართველოში 15.00. სხვაობა კი რასაც ფარმაცევტული კომპანიები მოგების სახით ხედავენ – 1241%-ია. იგივე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 1.64-ია, საქართველოში 17.78, სხვაობა კი 98.7%-ია.
მედიკამენტი “ეპიქსი”, რომლის მწარმოებელია “abdi ibrahim” და გამოიყენება ეპილეფსიის სამკურნალოდ – თურქეთში შესასყიდი ფასია 4.36, საქართველოში 29.70. სხვაობა 581%-ია. იგივე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 6.35, საქართველოში 33.97, სხვაობა 435%-ია.
ანტიბიოტიკი “აუგმენტინი” – რომლის მწარმოებელია “UCB” – თურქეთში შესასყიდი ფასია – 1.19, საქართველოში 5.18. სხვაობა კი 337%-ია. იგივე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 1.74, საქართველოში 5.98, სხვაობა 244 %-ია.
“ნექსიუმი”, მწარმოებელია “ASTRA ZENECA” და რომელიც გასტრო-ენტეროლოგიაში გამოიყენება თურქეთი 0.49, საქართველო 5.70. ხოლო სხვაობა 1057 %-ია. იგივე მედიკამენტზე საცალო გასაყიდი ფასი დოლარში თურქეთში 0.72, საქართველოში 7.23, სხვაობა 899 %-ია.
პრემიერის ინიციატივა “კვირასთან” საუბარში შეაფასა ჯანდაცვის ექსპერტმა დევი ტაბიძემ.
“ვთვლი, რომ შიდა რეგულაციები უნდა დაიხვეწოს. ინიციატივა ბიზნესთან ცოტა შეუსაბამო მგონია. შიდა ბაზრის კვლევა უნდა მოხდეს, შესწავლილ უნდა იქნას თუ როგორ ხდება ფასების დადგენა. ვფიქრობ, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა უნდა მიიღონ მონაწილეობა ბაზრის დარეგულირების პროცესში”,- აღნიშნა ტაბიძემ.