ზიკას ვირუსთან დაკავშირებით, საქართველოს მოსახლეობაში პანიკის საფუძველი არ არსებობს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი ინფორმაციით, საქართველოში ზიკას ვირუსით გამოწვეული დაავადების არც ერთი შემთხვევა დაფიქსირებული არ არის. ბოლო 2-3 წლის განმავლობაში მიმდინარე ეპიდზედამხედველობის პროგრამის ფარგლებში ცნობილია, რომ საქართველოში არც თუ ისე ხშირად, დაფიქსირდა ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო, ძირითადად, შავი ზღვის სანაპირო ზოლში, თუმცა დაინფიცირებული ადამიანი არ გამოვლენილა.
”ხაზგასმით მინდა აღვნიშნო, არავითარი პანიკის საფუძველი მოსახლეობისთვის არ არსებობს, რამდენადაც, საქართველოში წყარო, დაინფიცირებული ადამიანი ჯერჯერობით არ დაფიქსირებულა. ჩვენი ეპიდზედამხედველობის სისტემა განსაკუთრებით გამკაცრებულია ამ თვალსაზრისით, რომ არც ერთი საეჭვო შემთხვევა არ გაიპაროს. ხაზს ვუსვამ, რა თქმა უნდა, თეორიული რისკი არის, რამდენადაც საქართველოში არსებობს ამ ვირუსის გადამტანი კოღო. ამიტომ ყველა ღონისძიება ტარდებოდა, ტარდება და გატარდება იმისათვის, რომ რისკის მინიმიზაცია მოვახდინოთ”, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.