დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება, – უკრაინელმა პოლიტოლოგმა, იანინა სოკოლოვსკამ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, რუსეთმა განაცხადა, რომ ომის ტერიტორია შეზღუდული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებით, თუმცა დარწმუნებული არ არიან, რომ შეუძლიათ ამ განცხადებას ენდონ.
„რუსეთმა ამ სახით განაცხადა, რომ ომის ტერიტორია შეზღუდული იქნება დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებით, მაგრამ არ ვართ დარწმუნებული, რომ ჩვენ შეგვიძლია ამას ვენდოთ, რადგან თუ ისინი საუბრობენ მთელი უკრაინის ე.წ. დენაციფიკაციაზე, ეს არ არის დონეცკისა და ლუგანსკის ოლქების ტერიტორია, ეს არის მთელი უკრაინის ტერიტორია. მათ შორის, კიევი, ლვოვი, დასავლეთ უკრაინა და ასე გამოდის, ყველა, ვინც იმყოფება უკრაინის კონსტიტუციის ფარგლებში და აღიარებს უკრაინის ეროვნულ იდეას, ყველა ექვემდებარება გარდაქმნას და ასე ვთქვათ, გადათოხნას. ის აფეთქებები, რომელიც დილიდან განხორციელდა, მარწმუნებს იმაში, რომ ჩვენ ყველანაირ ვარიანტს შეგვიძლია მოველოდეთ.
ახლანდელ სიტუაციაში უნდა გვესმოდეს, რომ როდესაც საუბარია დონეცკისა და ლუგანსკის ოლქებზე მათი სრული შემადგენლობით, ამ სახით რუსული ჯარები დერეფანს იქმნიან დონეცკიდან მარიუპოლამდე და ზღვამდე. ამდენად, ახლახან აღიარებული რესპუბლიკები მიიღებენ ეკონომიკურ მდგრადობას და ასე ვთქვათ, დონბასის შახტებს უერთდებიან, რომლებიც ნედლეულს აწარმოებენ, ასევე მეტალურგიულ საწარმოებს მარიუპოლში, რომლებიც ამ ნედლეულისგან საქონელს აწარმოებენ და ასევე ზღვაზე იღებენ გასასვლელს. ამის შემდეგ ისინი უკვე შეძლებენ ვაჭრობას ამ საქონლით და თანხის გამომუშავებასა და გარკვეული ეკონომიკური დამოუკიდებლობის მოპოვებას. ეს იმაზე მიგვითითებს, რომ ამ ტერიტორიების უკრაინის შემადგენლობაში დაბრუნება ძალიან რთული იქნება“, – განაცხადა იანინა სოკოლოვსკამ.
მისივე თქმით, უკრაინის ხელისუფლებას აღნიშნული ოლქებისთვის არაფერი ცუდი არ გაუკეთებია. პირიქით, უკრაინის ბიუჯეტიდან მათთვის ყველაზე მეტი თანხა გამოიყოფოდა.
