გაეროს გენერალურ ასამბლეაზე უკრაინაში რუსეთის აგრესიის დამგმობი რეზოლუციის დამტკიცებას კიდევ ერთი რეზოლუცია მოჰყვა, ამჯერად შეერთებული შტატების კონგრესში. რეზოლუციას 426-მა კონგრესმენმა დაუჭირა მხარი, მას 3 მოწინააღმდეგე ჰყავდა. სამივე რესპუბლიკური პარტიიდან.
“წარმომადგენელთა პალატა არასოდეს ცნობს რომელიმე არალეგიტიმურ მთავრობას, რომლის უკრაინაში დასმის იმედიც პუტინს აქვს. მხოლოდ და მხოლოდ უკრაინელი ხალხის გადასაწყვეტია, მათი პოლიტიკური მმართველების და მომავლის არჩევა” – განაცხადა კონგრესმენმა ნიუ-იორკის შტატიდან გრეგორი მიქსმა.
შვიდ გვერდიანი რეზოლუცია ნომრით 956, ითხოვს ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტას და უკრაინის ტერიტორიიდან რუსეთის ჯარის გაყვანას.
ხაზგასმულია, რომ ყირიმი და რუსეთის მიერ ოკუპირებული სხვა ტერიტორიები სუვერენული უკრაინის ნაწილია. რეზოლუციის წარმოდგენას კონგრესის ქვედა პალატაში საკმაოდ ემოციური, მხარდამჭერი განცხადებები მოჰყვა.
“ომის ეს დანაშაულები საერთაშორისო სასამართლოებში გადავა და პასუხის აგებს ყველა, ვინც გადაწყვეტილებას იღებს მოკვლაზე, გენოციდის მოწყობასა და აკრძალული იარაღის გამოყენებაზე” – ამბობს წარმომადგენელი ინდიანას შტატიდან, ვიქტორია სპარცი.
რეზოლუცია მხარს უჭერს უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული ომის მოწინააღმდეგე რუსი ხალხის პროტესტს, ასევე ბელორუსის დიქტატორის, ლუკაშენკოს პასუხისმგებლობის დაყენებას.