უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სიტყვით მიმართა პოლონეთის სეიმის წევრებს.
გამოსვლისას ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა პოლონეთსა და პოლონელ ხალხს იმისთვის, რომ უკრაინელები თავიანთ ტერიტორიაზე შეუშვეს და ომის უბედურებისგან იხსნეს.
პოლონეთის სეიმში ონლაინ ჩართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ ლეხ კაჩინსკის მიერ თბილისში წარმოთქმული სიტყვები გაიხსენა.
„დღეს საქართველო, ხვალ უკრაინა, ზეგ ბალტიის ქვეყნები, შემდეგ კი, ჩემი ქვეყნის – პოლონეთის ჯერიც დადგება“, – ლეხ კაჩინსკის მიერ 2008 წელს თბილისში წარმოთქმული ეს სიტყვები გაიხსენა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.
ზელენსკიმ აღნიშნა, რომ 24 თებერვალს ეს საშინელი „ხვალ“ დადგა უკრაინისთვის, მაგრამ ახლა უკრაინა იბრძვის იმისათვის, რომ ბალტიისპირეთის ქვეყნებისთვის და პოლონეთისთვის ასეთი ბოროტი დრო არ დადგეს.
უკრაინის პრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ უკრაინამ და პოლონეთმა შექმნეს ძლიერი ალიანსი და ორივე ქვეყნის ისტორიული მისიაა, იყვნენ ევროპის ლიდერები.
„ჩვენ ერთად ვიბრძვით. გვაქვს ძალა. ერთად 90 მილიონი ვართ. ჩვენ შეგვიძლია, ყველაფერი ერთად გავაკეთოთ და ეს არის ისტორიული მისია, პოლონეთის ისტორიული მისია, უკრაინის ისტორიული მისია, იყვნენ ლიდერები, რომლებიც ერთად გამოიყვანენ ევროპას ამ უფსკრულიდან. გადაარჩენენ ამ საფრთხისგან და შეაჩერებენ ევროპის მსხვერპლად გადაქცევას“, – აღნიშნა ზელენსკიმ.