ბელგიის სახელმწიფო მდივანი თავშესაფრის გაცემისა და მიგრაციული პოლიტიკის საკითხებში ტეო ფრანკენი საქართველოსა და კიდევ სამი ქვეყნისთვის ვიზალიბერალიზაციის დაწესების იდეას სკეპტიკურად უყურებს.
ამის შესახებ ბელგიელმა მაღალჩინოსანმა ბრიუსელში, ევროკავშირის საბჭოს დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„იმის გათვალისწინებით, რომ მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ჩვენ საქმე გვაქვს ყველაზე დიდ მიგრაციულ კრიზისთან, ვფიქრობ, არ იქნებოდა გონივრული საქციელი ამ ქვეყნებისთვის ვიზალიბერალიზაციის რეჟიმის დაწესება. ახლა არც ევროკავშირისთვის და არც ჩემი ქვეყნისთვის არ იქნება მარტივი, რომ ასი ათასობით ადამიანს ვიზალიბერალიზაცია მივცეთ.
2010 წელს ჩვენ ვიზალიბერალიზაციის რეჟიმი ბალკანეთის ქვეყნებს დავუწესეთ და ამან მალევე მიგრაციული კრიზისი გამოიწვია, მათ შორის ბელგიაშიც. პირადად მე არ მივიჩნევ სწორად, რომ ერთი კრიზისი მეორეთი ჩავანაცვლოთ“, – განაცხადა ბელგიელმა მაღალჩინოსანმა.