მაშინ, როდესაც უკრაინის ხელისუფლება აშშ-სა და ევროპისგან შეიარაღების დროულად მიწოდებას ითხოვს, ამერიკული ჯავშანჟილეტები სამხედრო ნაწილების ნაცვლად, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში ხვდება, რომლის ღირებულება 12 500 გრივნაა. უკრაინაში გამოძიება დაიწყო 220 ვაგონი ჰუმანიტარული დახმარების დატაცების ფაქტზე. კიევში თუ თავს იკავებენ, გარეუბნებში, პატარა ქალაქებისა და სოფლების მაღაზიების დახლებზე თავისუფლად იყიდება მოსახლეობისთვის განკუთვნილი ჰუმანიტარული ტვირთი.
რა ხდება უკრაინაში და ვინ ხელმძღვანელობს საქართველოს წინააღმდეგ მიმდინარე პოლიტიკურ ომს? ამ საკითხებთან დაკავშირებით for.ge უკრაინაში მცხოვრებ ქართველს გ.დ.-ს ესაუბრა.
როგორია უკრაინის ამჟამინდელი მდგომარეობა, როგორც საბრძოლო, ისე პოლიტიკური მიმართულებით, რა ხდება უკრაინაში?
– სამხედრო თვალსაზრისით, დასამალი არაფერია, მთელი მსოფლიო უყურებს რაც ხდება. უკრაინელები ძალიან კარგად იბრძვიან. იარაღი აკლიათ, დაპირებული არ მოდის, ან მოდის ძალიან გვიან, თუმცა ისე გვიანაც არა, რომ კატასტროფამდე მივიდეს. ფაქტია, რომ რუსებს მადა შემცირებული აქვთ. მარტო სამხრეთ აღმოსავლეთის ნაწილს ეპოტინებიან. აქამდე ყირიმიდან დონბასამდე მისასვლელი უნდოდათ, იმიტომ იყო ის საშინელება მარიოპულში რაც იყო. ძალიან უნდათ ხერსონში ანალოგიური რესპუბლიკის გამოცხადება, როგორც დონეცკში და ლუგანსკში.
როგორც ჩანს, უკვე პროგრამა მინიმუმისთვის იბრძვიან რუსები და რა არის ეს მათი პროგრამა მინიმუმი?
– ეს არის დონეცკის და ლუგანსკის ოლქები. იცით, რომ დონეცკი და ლუგანსკი სხვა საზღვრებშია და მას აკონტროლებს რუსული მხარე. დაახლოებით ის სიტუაცია არის რაც საქართველოში იყო 2008 წლის აგვისტოს ომამდე. რუსები და ოსები სამხრეთ ოსეთს ეძახდნენ ახალგორს, რომელსაც ჩვენ ვაკონტროლებდით და ომის მერე შემოიერთის ის ნაწილიც, რომელსაც საბჭოთა კავშირის დროს ერქვა სამხრეთ ოსეთი. დაახლოებით ასეთი მიზანი აქვთ – ეს არის რუსების პროგრამა მინიმუმი.
ბრძოლები მიმდინარეობს. ტაქტიკურად, წმინდა სამხედრო თვალსაზრისით, რამდენიმე საკვანძო ქალაქია უაღრესად მნიშვნელოვანი და იმას ეპოტინებიან, იქ მიდის ბრძოლები. ორი დღის წინ რუსები თითქოს გენერალურ შეტევაზე გადმოდიოდნენ, მაგრამ დღეს უკრაინელებმა მთელი ფრონტის ხაზზე 8-10 კილომეტრით წინ წაიწიეს. ცვალებადი წარმატებით მიდის ბრძოლები. ფაქტია ისიც, რომ გულშიც კი არავინ არ ფიქრობს იმაზე, რომ კიევს ისევე ემუქრება საფრთხე, გარდა იმ უმართავი რაკეტებისა, რომელიც რამდენიმე კილომეტრზე დაფრინავს. რომ წამოვიდნენ და კიევს მოუახლოვდნენ, ჯერჯერობით გამორიცხულია.
ანუ, კიევზე შეტევის რესურსი ამოწურილი აქვს რუსეთს? ყოველ შემთხვევაში, რუსეთს რომ პრობლემები აქვს როგორც ადამიანური, ასევე შეიარაღების კუთხით, ეს ცხადია…
– ორი უკიდურესობაა, პირველი – რუსები თავისი „ჟანგიანი ტანკებით“ და მეორე – პირველი ქვეყანაა, რომელიც ომისთვის არის გაჩენილი. ის ტანკები ჟანგიანი არ იყო, მაგრამ, ალბათ, ათეულშიც არ შედის რუსეთის სამხედრო ტექნიკა, ძალიან მოძველებულია, რაც აზერბაიჯან-სომხეთის ომმაც დაადასტურა. იგივე „ჯაველინი“, რომელიც უთვალავი რაოდენობით არის უკრაინაში, ერთი გასროლა ნიშნავს 1 ტანკს, 92% აქვს შედეგი. წარმოიდგინეთ, ასი ნასროლიდან 92 ტანკი აღარ არის. ომმა დაღლა იცის, თუ არ დაიღალნენ მებრძოლი უკრაინელები, რადგან ყველა არ არის მებრძოლი და ძალიან ბევრი არ არის, ასევე, თუ არ დაიღალა დასავლეთი მათი დახმარებით და თუ ბოლომდე დაიჯერეს, რომ რუსეთის დამარცხება არის ყველას გამარჯვება, მაშინ, ალბათ, საქმე ბოლომდე მივა.
საბრძოლო მიმართულებით წარმატებები აქვთ, მაგრამ რაც შეეხება პოლიტიკურ ნაწილს, როგორია ამ მხრივ ვითარება?
– უნდა ვიცოდეთ, რომ მოსახლეობის ძალიან დიდი მასა პოლიტიკურად გაუთვითცნობიერებულია, 90% პოლიტიკის აზრზე არ არის. ვისაც ჰგონია, რომ პოლიტიკა იცის, იმანაც კი არ იცის. ოცამდე სამინისტრო აქვთ და 3 მინისტრს ვერ ჩამოთვლიან. ძალიან ბევრმა ომის შემდეგ გაიგო პრემიერ-მინისტრის გვარი, რადგან ტელევიზორში ამის მეტი არაფერი არ არის.
საპრეზიდენტო არჩევნებზე სასაცილო დონეზე ხდებოდა განხილვა ოჯახის წევრებს შორის ვინ, ვის მისცემდა ხმას – „ის კარგად თამაშობს“, „იმის შოკოლადი უგემურია“… ჯერ ერთი, რომ ძალიან ადვილი სამართავია ეს ქვეყანა და აქედან გამომდინარეობს კორუფციის ის საშინელი დონე, რომელზეც ახლა არავინ არ ლაპარაკობს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ევროპაშიც იციან უკვე. თუ უკრაინა ევროკავშირში მიიღეს, ძალიან მალე შემოირტყამენ თავში ხელს.
რატომ?
– იმიტომ რომ, აქ კორუფცია არის ცხოვრების ნორმა. ბიზნესმენი, რომ ბიზნეს გეგმას წერს, ერთ-ერთ პუნქტად შეტანილი აქვს ქრთამი. საქართველოში ეს ხომ წარმოუდგენელია. აქ არის ძალიან დიდი მაღაზია, სადაც იყიდება საყოფაცხოვრებო ნივთები, სამშენებლო ჩაფხუტები, სპეცტანსაცმლები და ა.შ. აი, იმ განყოფილებაში ჩვეულებრივად იყიდებოდა ჯავშანჟილეტები 12 500 გრივნად. თანაც აქტივისტებმა დაიწყეს ამაზე ხმაური და დაიწყო გამოძიება.
გამოძიება დაიწყო შემომტანის წინააღმდეგ, რომლის უფროსი საერთოდ არ არის უკრაინაში. ეს საქმე ან ჩიფარცხება, ან როგორც ამბობენ, მესამე-მეოთხე მეისრეს დაიჭერენ. მაგრამ ეს არის ფაქტი. როდესაც საბაჟოზე ტვირთების დატაცებაზეა საუბარი, იქ არაა მარტო კონსერვების დატაცებაზე საუბარი. ამ მხრივ ძალიან ძნელი და რთული სიტუაცია არის. ახლა ომია და ამიტომ პოლიტიკური შეხლა-შემოხლა დაპაუზებულია, მაგრამ ომი რომ დამთავრდება, აუცილებლად გაგრძელდება.
მანქანით გადავადგილდები, გამაჩერებენ, საბუთს შეამოწმებენ, გამიშვებენ, მაგრამ ომამდე სხვა ვითარება იყო, ყველამ იცოდა, რომ ჭკუასუსტი ქართველი დადის, რომელსაც 350 გრივნიანი ჯარიმის გამოწერა ურჩევნია, ვიდრე 100 გრივნა ქრთამი მოგვცეს. პრინციპულად არ ვაძლევდი. ამ დონიდან დაწყებული, სახელმწიფო სტრუქტურებით დამთავრებული, ეს ვითარებაა. არავინ არ ეკითხება პოლიციის უფროსს, რომლის ხელფასი 2 200 გრივნაა, საიდან ჰყავს 150 ათასდოლარიანი მანქანა. ნანახი გექნებათ როგორი მანქანით ჩამოვიდნენ უკრაინელები თბილისში ომის შემდეგ. ჩაატარეთ ჟურნალისტური გამოძიება, ჩაიხედეთ პასპორტში და ნახეთ როდის არიან საქართველოში შემოსული.
რაზე მიანიშნებთ?
– მოგეხსენებათ, რომ ომი 24 თებერვალს დაიწყო, უკვე 26-ში გამოაცხადეს, რომ 60 წლამდე მამაკაცებს, გარდა მწოლიარე ავადმყოფისა არ აქვს უკრაინიდან გასვლის უფლება. თუ ის ადამიანები 26 თებერვლის შემდეგ არიან უკრაინიდან გასული, ჩათვალეთ, რომ საზღვარზე ქრთამი გადაიხადეს. მაგალითად, ახლა, 220 ვაგონი ჰუმანიტარული დახმარების დატაცებაზე არის საქმე აღძრული. კიევში ვერ ბედავენ, მაგრამ პერიფერებში, პატარა ქალაქების და სოფლების მაღაზიები გაძეძგილია ჰუმანიტარული დახმარების პროდუქტებით, რომელსაც აწერია რომ გაყიდვა არ შეიძლება.
წინა კვირას, პოლონეთმა და უკრაინამ საერთო საბაჟო სტუქტურა შექმნეს. წარმოიდგინეთ, პრეზიდენტი რომ იტყვის, ეს ძალიან დიდწილად შეამცირებს კორუფციას საბაჟოზეო. პრეზიდენტი ამბობს, კორუფია გვაქვს, ჩვენ ვერ ვშელით და აგერ, პოლონელები დაგვეხმარებიანო.
ომი მიმდინარეობს და ჯერ ჩუმად არიან, რადგან ახლა, ზელენსკის და მისი მთავრობის კრიტიკა უკრაინის ღალატის ტოლფასია. უკრაინის უშიშროებამ ყველას გაუგზავნა შეტყობინება, რომ ომის პერიოდში ყველა საუბარი ისმინება. ახლა, ჩვენ რომ ვსაუბრობთ, კორექტული ფორმით მომივიდა შეტყობინება უკრაინის დროშების ფონზე.
რაც შეეხება პოლიტიკურ ბრალდებებს, რომელსაც უკრაინის ხელისუფლება საქართველოს უყენებს, რამდენად სამართლიანად მიაჩნია უკრაინელ ხალხს ის ბრალდებები და რამდენად უკავშირდება ეს სააკაშვილის ფაქტორს?
– ევროპარლამენტში დაახლოებით 700 დეპუტატია, იქიდან 30 კაცს თუ შეუძლია საქართველო რუკაზე იპოვოს, აი, ამ 30-დან 10 კაცი თუ არის დაინტერესებული საქართველოს საკითხით, რაღაცა პირადი ინტერესი თუ არ აქვთ. უკრაინაში სააკაშვილი არ აინტერესებდათ და იგივე ვითარებაა ახლაც. როგორ ფეხებზე კიდიათ იცით? 2%-იც კი არ ჰქონდა მის პარტიას. აი, ეს ხალხი არის სააკაშვილის გულშემატკივარი. დანარჩენს გაგებული აქვს, რომ საქართველოში კარგი ავტობუსები დადის, კარგი ჯანდაცვის სისტემაა. როდესაც ვუთხარი, რომ სახელმწიფომ ჩემს მშობლებს უფასოდ გაუკეთა კატარაქტის ოპერაცია, გაუკვირდათ.
აქ სააკაშვილში არ არის საქმე. საქმე არის პიარზე. ომის შემდეგ ზოგიერთი ოპოზიციური არხი დახურეს, მაუწყებლობს პოლომიასკის არხი, სადაც ერთი და იგივე გადაცემა გადის. რაც დავთვალე, საქართველოს შესახებ 12-ჯერ, თუ 15-ჯერ ისაუბრეს და მხოლოდ და მხოლოდ სააკაშვილის მხარდამჭერებმა: გიორგი ვაშაძემ, ხატია დეკანოიძემ, ირაკლი ოქრუაშვილმა და ა.შ. ჩემს მეზობელ უკრაინელს მე გავაგებინე, რომ ყველაზე მეტი ჰუმანიტარული დახმარება საქართველოდან მოვიდა. მე გავაგებინე, რომ საქართველოში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქციები. ახლა გადის სოციალური კლიპი, აჩვენებენ ვიღაც აფრიკელი წყლის ბოთლს როგორ დებს უკრაინის დახმარების ფონდში. ერთი კადრიც კი არ არის ნაჩვენები საქართველოზე. ეს ამათი ბრალი არ არის. ჩათვალეთ, რომ უკრაინის მთავრობაში გიზის მოწინააღმდეგე იმ არახამიას სახით. ამიტომ, კეთილი ინებე და საწინააღმდეგო გააკეთე. საელჩო და საკონსულო ქართველების ევაკუაციით იყვნენ დაკავებული. მხოლოდ ეს უნდა იყოს საელჩოს საქმე? – არ ვიცი.
ანუ, არახამიას ავტორობით ხდება საქართველოს წინააღმდეგ პოლიტიკური ომის წარმოება?
– არახამია, რომელიც სააკაშვილის პარტიის წევრია, აკეთებს ყველაფერს, რომ საქართველოში მეორე ფრონტი გაიხსნას, ეს არახამიას და მისი რაზმის ინტერესებში შედიოდა და შედის. არახამია არის სააკაშვილის და მისი მომხრეების დესანტი. ქართული ლეგიონი, მართლა ძალიან დიდ საქმეს აკეთებს, მაგრამ როდესაც ასეთი ხალხი არის სააკაშვილის მხარდამჭერი და ესენიც რომ მაგას ამბობენ, თავისთავად, უკრაინელიც დაუჯერებს იმიტომ, რომ ამის მადლიერია, ხედავს, რომ თავს სწირავს მისი გულისთვის. ის ლაპარაკი, რომ ხელფასს იღებენ, ეს ჩვეულებრივი ამბავია, აძლევენ და იღებენ, რომელიმე უკრაინელი უფასოდ იბრძვის? ყველგან ასეა. ჯარისკაცის ოჯახს რჩენა ხომ უნდა.
ანუ, რიგითი მოქალაქეების დონეზე საქართველოს მიმართ დადებითი განწყობა არის, მაგრამ განსხვავებული ვითარებაა პოლიტიკურ ისტებლიშმენტში?
– დიახ. პოლიტიკური ინსტებლიშმენტის 90% არის საქართველოს მაგინებელი და 10% რეალისტი და ობიექტური. იგივე ზელენსკის ოპონენტები „ევროპული არჩევანის“ პოროშენკოს პარტიიდან 90% არის საქართველოს მხარდამჭერი და 10% ამათ უჯერებს.
საქართველოს აკრიტიკებენ და ბრალს უყენებენ იმიტომ, რომ სააკშვილის ფაქტორი მოქმედებს თუ იმიტომ, რომ საქართველომ არ გახსნა მეორე ფრონტი?
– სააკაშვილის ფაქტორი არის ნული. სააკაშვილის ფაქტორი მოქმედებს ამ ქვეყნის 2%-ზე, ახლა უკვე 1%-ზე. დანარჩენისთვის, სააკაშვილს დაიჭერენ, დახვრეტენ, თუ რას უზამენ, მნიშვნელობა არ აქვს. მაგრამ ამას აქვს მნიშვნელობა არახამიასთვის და მისი „კამანდისთვის“, რომელიც ზეგავლენას ახდენს ზელენსკიზე და მის მთავრობაზე, რაც თავისთავად მოქმედებს მოსახლეობაზე. ანუ, მოსახლეობამდე საქართველოს წინააღმდეგ დეზინფორმაცია მიდის არა იმიტომ, რომ სააკაშვილი დაიჭირეს, არამედ იმიტომ, რომ საქართველო სანქციებს არ უერთდება.
არავინ ამბობს იმას, რომ საქართველო გვიგზავნის ჰუმანიტარულ დახმარებას, მაგრამ არის ბევრი რამ, რასაც ვერ დამალავენ. მაგალითად ის, რომ თბილისში გაიმართა უკრაინის მხარდამჭერი აქცია. ის, რომ უკრაინელები ძალიან კარგად გრძნობენ თავს საქართველოში, ეს იცის ყველამ, მაგრამ ამის გამო ზელენსკის აქ არავინ არ შეაგინებს.
დიფერენცირება ხდება ხალში – „აი, ხალხი კარგია, მაგრამ თქვენი მთავრობა არის გათახსირებული იმიტომ, რომ პუტინთან ვაჭრობს“. ამბობენ, რომ „თქვენ ვაჭრობთ, სირია, სომხეთი და ისრაელი. ისრაელი გაბრაზდა ლავროვზე და უკვე აღარ ვაჭრობს. თქვენ რით ვერ გაბრაზდით?“. ამბობენ: „ხალხი ჯიგარია, გვეხმარება, ჩვენები არ ომობენ და ქართველები ომობენ ჩვენს მაგივრად, მაგრამ ეს არ ეხება მთავრობას“.
გასაგებია, როგორც საუბარში აღნიშნეთ, ოპოზიციის წევრებს ეთმობათ ეთერი. რას ამბობენ, რა ბრალდებას უყენებენ საქართველოს?
– ოქრუაშვილი მიიწვიეს როგორც თავდაცვის ყოფილი მინისტრი და მადლობა გადაუხადეს იმისთვის, რომ უკრაინაში ჩამოვიდა საომრად. ის ლაპარაკობდა, რომ ყველა ქართველი უკრაინელებს უჭერს მხარს, მაგრამ ჩვენმა მთავრობამ შეირცხვინა თავიო. ეს ზუსტად ის პერიოდი იყო, როცა საქართველოს მთავრობამ უარი თქვა შეერთებოდა სანქციებს. დანარჩენები გამოდიან და ამბობენ, რომ საქართველოში არის რუსი ოლიგარქის მმართველობა.
რასაც იქ ამბობენ, იმას ამბობენ აქაც. ესენიც თავს უქნევენ, რადგან ხედავენ, რომ ამას ამბობს საქართველოს პარლამენტის წევრი, რა მნიშვნელობა აქვს რომელი ფრაქციიდან არის. პიარის პრობლემა სახეზეა. არავინ არ ეუბნება ამათ, რატომ დაიჭირეს სააკაშვილი და, რომ ეს იგივეა, იანუკოვიჩი, რომელზეც აღძრულია საქმე და გაქცეულია უკრაინიდან, გახდეს საქართველოს მოქალაქე, მერე შემოიპაროს უკრაიანში, თქვენ დაიჭიროთ და მოგთხოვოთ გათავისუფლება იმიტომ, რომ საქართველოს მოქალაქეა. ეს ვიღაცამ უკრაინელებს ხომ უნდა აუხსნას არა?!