საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ პარლამენტში ანგარიში წარადგინა. მინისტრმა საჰარერო თავდაცვის გაძლიერების შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა საჰაერო თავდაცვის საშუალებების გაძლიერების მიმართულებით.
მინისტრის თქმით, საჰაერო სივრცის დაცულობა ქვეყნის უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია.
„საომარი ვითარების დროს საჰაერო სივრცეში მოწინააღმდეგის დომინირების შეზღუდვა უმნიშვნელოვანესია თავდაცვითი ამოცანების წარმატებით შესასრულებლად, ამიტომ აუცილებელია შესაბამის პროფესიონალებთან ერთად ადეკვატური ტექნიკის არსებობაც. 2020 წლიდან ისრაელის უმსხვილეს სამხედრო ინდუსტრიის რაფაელის წარმომადგენლებთან ხელმოწერილი შეთანხმების საფუძველზე, დავიწყეთ რაფაელის წარმოებული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების განახლება და მოდერნიზაცია, რომელიც მიმდინარე წელს დასრულდება. ასევე, უკვე დასრულდა ფრანგული კონტრაქტის მეორე ეტაპისთვის გათვალისწინებული საშუალებების მიღებაც და ამჟამად მიმდინარეობს პირადი შემადგენლობის მომზადება სისტემის შემდგომი ექსპლოატაციისათვის. დაწყებულია მუშაობა საჰაერო თვალთვალის გაერთიანებული ცენტრის შექმნისა და აღჭურვის კუთხით. აღნიშნული ცენტრი მოახდენს საქართველოს თავდაცვის ძალების არსებული საჰაერო თვალთვალის და გაცილების სისტემების, ისევე როგორც კინეტიკური საცეცხლე საშუალებების ინტეგრირებას და მართვას“, – განაცხადა ბურჭულაძემ.
ასევე, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მიმდინარეობს მუშაობა გადასატანი ჰაერსაწინააღმდეგო სისტემების (სტინგერის და მსგავსი ტიპის) შეძენის კუთხით, როგორც საკუთარი სახსრებით, ისე პარტნიორების დახმარებით.
„საჰაერო თავდაცვის კომპონენტის გაძლიერება, ჩვენი გეგმის მიხედვით, კვლავ დარჩება ერთ-ერთ ძირითად პრიორიტეტულ მიმართულებად და მის გასაძლიერებლად მომავალში ასევე გადავდგამთ ნაბიჯებს. კერძოდ, თავდაცვის ძალების გრძელვადიანი განვითარების გეგმის მიხედვით დაგეგმილია არსებული რადიოლოკაციური სისტემების აღდგენა და საშუალო და შორი რადიუსის მქონე საზენიტო-სარაკეტო საშუალებების შეძენა“, – განაცხადა ბურჭულაძემ.