ბოლო დღეებში უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებების ეპიცენტრი მარიუპოლი და „აზოვსტალის“ ქარხანა გახლდათ, სადაც ბლოკირებაში მყოფი ქალაქის დამცველები რუსულ მხარეს საკუთარი ნებით დანებდნენ. რასაკვირველია, სამხედროებმა ეს ნაბიჯი საკუთარი ნებით არ განახორციელეს. გავრცელდა უტყუარი მტკიცებები რომ „აზოვისა“ და სხვა შენაერთების მებრძოლების მიერ იარაღის დადებას ორ სახელმწიფოს შორის წარმართული რთული მოლაპარაკებები უძღოდა წინ. წესითა და რიგით, უახლოეს მომავალში „აზოვსტალის“ დამცველები რუს სამხედრო ტყვეებში უნდა გაიცვალონ. კრემლის განცხადებით, პუტინმა პირადად გასცა გარანტია, რომ პატიმრებს საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოეპყრობოდნენ, უკრაინის ოფიციალური პირები კი ამტკიცებდნენ, რომ მათი გაცვლა შესაძლებელი იყო რუს ტყვეებში.
ეს წესით, მაგრამ საქმე რუსებთან გვაქვს, რომლისთვისაც პირობების დარღვევა უცხო ხილი არ გახლავთ. თავდაპირველად გაეროში რუსეთის ელჩის მოადგილემ დიმიტრი პოლიანსკიმ განაცხადა, რომ არანაირი შეთანხმება არ ყოფილა. მოგვიანებით კი რუსეთის ქვედა პალატის სახელმწიფო სათათბიროს სპიკერმა ვიაჩესლავ ვოლოდინმა განაცხადა რომ „ნაცისტი დამნაშავეები არ უნდა გაიცვალონ“. პარალელურად, 26 მაისს, რუსეთის ფედერაციის უზენაესი სასამართლო განიხილავს „აზოვის“ პოლკის ტერორისტულ ორგანიზაციად გამოცხადების საკითხს.
საინტერესოა, როგორ განვითარდება მოვლენები. გავრცელდა ცნობაც, რომ მარიუპოლში მებრძოლი უკრაინელი მეომრების ნაწილი ქალაქ ტაგანროდის ციხეშია გადაყვანილი.
საინტერესო ინფორმაცია გამოაქვეყნა გამოცემამ „New York Post“. გაზეთის მტკიცებით, 12 მაისს პუტინმა მუცლიდან სითხის ამოსაღებად ოპერაცია გაიკეთა. ეს ფაქტი რუსულ ოფიციალურ მასმედიაში საგულდაგულოდ დაიმალა და რუსეთის უშიშროების საბჭოს სხდომის ვიდეოებში არა რეალური პუტინი, არამედ მისი სიმულაცია მონაწილეობს.
გამოცემა „Times“-ის მტკიცებით, ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში პუტინმა უკრაინაში მიმდინარე საომარი დაპირისპირების დაგეგმვა და ორგანიზაცია-სტრატეგიის შემუშავება საკუთარ თავზე აიღო. ის რუსულ სამხედრო ელიტას აღარ ენდობა და ყველაფრის თავად გაკონტროლება სურს. საქმე იმ დონეზეც კი მივიდა, რომ ცალკეული ბრიგადებისა და ბატალიონების გადაადგილების საკითხს „ვლადიმიროვიჩი“ ერთპიროვნულად იღებს. ეს ინფორმაცია, ალბათ, ერთგვარ სიმართლესაც შეეფერება, რადგან დიდი ბრიტანეთის დაზვერვის განახლებული ინფორმაციით, ბოლო დღეების განმავლობაში რუსეთმა მაღალი რანგის სამხედრო მეთაურები გაათავისუფლა. გენერალ-ლეიტენანტი სერგეი კისელი, რომელიც მეთაურობდა პირველ საგვარდიო სატანკო არმიას, გაათავისუფლეს იმის გამო, რომ ვერ დაიკავა ხარკოვი. ვიცე-ადმირალი იგორ ოსიპოვი, რომელიც მეთაურობდა რუსეთის შავი ზღვის ფლოტს, სავარაუდოდ, აპრილში კრეისერ „მოსკვას“ ჩაძირვის შემდეგ გაათავისუფლეს. რუსეთის გენერალური შტაბის უფროსი, ვალერი გერასიმოვი, სავარაუდოდ, თანამდებობაზე რჩება, მაგრამ გაურკვეველია, ისევ აქვს მას პრეზიდენტ პუტინის ნდობა, თუ არა.
ამასობაში რუსეთში ე.წ, „ფარული მობილიზაცია“ დაიწყო. ამის შესახებ ინფორმაცია „ბი-ბი-სიმ“ გაავრცელა. რუსეთის ოფიციოზი მობილიზაციის თემას მოგონილს უწოდებს, მაგრამ ქვეყნის სამხედრო კომისარიატები ყოველდღიურად ათასობით ახალგაზრდას სამხედრო სავალდებულო სამსახურში იწვევენ. ამ თემას გამოეხმაურა ჩეჩნეთის ამჟამინდელი ლიდერი რამზან კადიროვიც.
„პუტინს მობილიზაციის გამოცხადება არ სჭირდება. ჩვენ ყველანი უნდა მობილიზებული ვიყოთ და დავდგეთ ჩვენი პრეზიდენტის გარშემო, უზრუნველვყოთ ჩვენი სახელმწიფოს უსაფრთხოება. ეს არის პატრიოტიზმი. მოხარული ვარ, რომ ბოლო დღეებში ათასობით რუსეთის ახალგაზრდა მოქალაქე ამ სულისკვეთებას იზიარებს“, – განაცხადა რამზან კადიროვმა.
ბოლო დროს რუსეთის ტერიტორიაზე ხშირად ჩნდება ლათინური სიმბოლო „L“, რომელიც ავადსახსენებული „Z“-ის სრულ ანტიპოდს წარმოადგენს. „L“ „რუსეთის თავისუფლების ლეგიონის“ სიმბოლოა. ლეგიონი „რუსეთის თავისუფლება“, ორიოდე თვეა რაც ჩამოყალიბდა და მეტწილად დაკომპლექტებულია რუსი ვეტერანებისგან. ისინი უკრაინის მხარეს იბრძვიან და ატარებენ თეთრ დროშას შუაში ლურჯი ზოლით (ეს დროშა რუსეთში ანტისაომარი პროტესტის სიმბოლოდ იქცა). ლეგიონს ონლაინ პლატფორმაც აქვს და ისინი, გარდა პირდაპირ შეტაკებებში მონაწილეობისა, ახორციელებენ დივერსიებს და აქციებს რუსეთის ტერიტორიაზე. მათ ტელეგრამ არხს 60 000 ზე მეტი მომხმარებელი ჰყავს. მათი სიმბოლოებით აჭრელებული რუსეთის ქუჩებისა და სტრატეგიული ობიექტების ფოტოები უკვე გამოჩნდა ინტერნეტ სივრცეში.
საერთო „პატრიოტული“ მოძრაობის პარალელურად რუსეთში განსხვავებული პოლიტიკური მოსაზრების ადამიანების დევნა კვლავ გრძელდება. რამდენიმე დღის წინ, რუსეთის პრემიერ-მინისტრმა მიხაილ მიშუსტინმა ყველა საპატიო წოდება ჩამოართვა სახელგანთქმულ ლიეტუველ რეჟისორს რიმას ტუმინასს. ტუმინასი მოსკოვის ვახტანგოვის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდედობას 15 წლის განმავლობაში იკავებდა. 2021 წლის დეკემბერში სპექტაკლისათვის „ოიდოპოს მეფე“ ლუეტუველი რუსეთის სახელწიფო პრემიით დაჯილდოვდა. რამდენიმე კვირის წინ, ტუმინასმა უკრაინაში რუსეთის სამხედრო აგრესია დაგმო და შურისძიებამაც არ დააყოვნა.
„შერისხული“ რუსი ხელოვანების ნაწილი ისრაელში დამკვიდრდა. 17 მაისს, ამ ქვეყანაში რუსული კულტურის ფორუმის დღეები დაიწყო. მასში მონაწილეობას მაქსიმ გალკინი, ალა პუგაჩოვა, ანდრეი მაკარევიჩი და ბორის გრებენშიკოვი იღებენ. ფორუმი სახელწოდებით „СловоНово“ 2018 წლიდან ტარდება და რუსული კულტურის საკითხებს აშუქებს. გარკვეული მიზეზების გამო წელს მას ისრაელმა უმასპინძლა და მონაწილეთა რაოდენობა ზემოთ დასახელებული „მოღალატეთა“ ოთხეულით შემოიფარგლა.
ფორუმის მიმდინარეობის დღეებში უკრაინაში რუსული აგრესია კიდევ ერთხელ დაიგმო. ანდრეი მაკარევიჩმა პირდაპირ განაცხადა რომ „რუსეთი ჭკუიდან შეცდა და საშველი არ ჩანს“. ბორის გრებენშიკოვმა კი ირონიულად შემდეგი განცხადება გააკეთა: – „მართლაც საოცარი საზოგადოება შევიკრიბეთ და რუსეთის პრობლემებზე ვბჭობთ. არ დავიჯერებდი, მაგრამ ეს რეალობაა“.
„შესანიშნავი ოთხეულის“ თავშეყრას რუსეთში მომღერალი გრიგორი ლეპსი გამოეხმაურა და ისრაელში მყოფი კოლეგები სასტიკად გააკრიტიკა. „ემიგრაციას დიდ შეცდომად მივიჩნევ. დღეს რუსეთს არ ულხინს, ამიტომ არ მესმის იმ ადამიანების რომლებიც სამშობლოს ტოვებენ და უცხო ქვეყნიდან აქ დარჩენილებს ჭკუას გვასწავლიან“, – განაცხადა გრიგორი ლეპსმა.
უკრაინის დახმარების ფონდში საკუთარი წვლილის შეტანა ცნობილმა ამერიკელმა მსახიობმა რიჩარდ გირმაც გადაწყვიტა. 72 წლის გირმა ქალაქ ნიუ-იორკის აუქციონზე საკუთარი პრესტიჟული მარკის ავტომობილი „Jaguar XK8“ გაიტანა. მანქანა 1999 წლის გამოშვებაა და მისი საწყისი ღირებულება 29 ათას დოლარს შეადგენს. რიჩარდ გირი შემოსულ თანხას უკრაინის დამხმარე რამდენიმე საქველმოქმედო ფონდში გადარიცხავს.
რიჩარდ გირს, ანდრეი მაკარევიჩს, ბორის გრებენშიკოვს და სხვა მრავალ ხელოვანს, რომლებიც უკრაინაში მიმდინარე აპოკალიფსური მოვლენების წინააღმდეგ ხმას იმაღლებენ, რამდენიმე დღის წინ ცნობილი რუსი რეჟისორი ანდრეი ზვიაგინცევიც შეემატა, რომელმაც სრულიად რუსი ერის მიმართ შემდეგი განცხადება გააკეთა:
„როდესაც გვეყოფა ვაჟკაცობა და სინდისი, რომ მთელი მსოფლიოს გასაგონად ვაღიაროთ, რომ ბუჩა, მარიოპოლი ჩვენ, და არა ვინმე სხვამ ჩაიდინა, და თითოეული ჩვენთაგანია ამის მონაწილე, მაშინ გვექნება კიდევ შანსი ადამიანებად, ერად ვიქცეთ ოდესმე“.