ნატო ის ნატო არ იქნება, როგორც ადრე იყო. გაცილებით აქტიური იქნება, გაცილებით ენერგიული, გადაწყვეტილების მიღების პროცესში უფრო მოქნილი იქნება. ეს მომენტი გამოსაყენებელია და პროაქტიული, ურთიერთშემხვედრი ნაბიჯები უნდა იყოს გადადგმული, – ამის შესახებ გენერალური შტაბის ყოფილმა უფროსმა, ანალიტიკურ ცენტრ „ჯეოქეისის” მრჩეველმა, ვახტანგ კაპანაძემ განაცხადა.
„ვფიქრობ, ნამდვილად უნდა გაჟღერდეს საქართველოსთან მიმართებაში დამატებითი ნაბიჯები, რომელიც რეალური და ქმედითი იქნება. ეს ასევე უნდა გულისხმობდეს საქართველოში და ზოგადად რეგიონში ნატოს კიდევ უფრო გააქტიურებას“, – აღნიშნა კაპანაძემ.
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ნატოს სამიტზე მიწვევის ოფიციალური წერილი იენს სტოლტენბერგისგან ერთი კვირის წინ მიიღო. მიწვევის წერილში ნატოს ოფიციალური პირი ამბობს, რომ მიესალმება საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვედრაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ნატოს წევრი სახელმწიფოების მეთაურები.