“გაირკვა როდის და სად შეხვდებიან ერთმანეთს უკრაინისა და რუსეთის პრეზიდენტები – კიევშიც და მოსკოვშიც ოფიციალურად ადასტურებენ, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და ვლადიმირ პუტინი 15-16 ნოემბერს ინდონეზიაში, კუნძულ ბალიზე დაგეგმილ “დიდი ოცეულის” სამიტს დაესწრებიან. იქნება თუ არა ზელენსკი-პუტინის პირისპირ მოლაპარაკება და არსებობს თუ არა რაიმე შეთანხმების მიღწევის შანსი? ანალიტიკოსები “რეზონანსთან” ამბობენ, რომ როგორც წესი, მოლაპარაკებები არ არის ომის ალტერნატივა, ეს უბრალოდ სტრატეგიაა, რომელსაც მხარეები მიმართავენ ბრძოლის პარალელურად საკუთარი მიზნების მისაღწევად. ამიტომ, მათი აზრით, არც უკრაინა და არც რუსეთი ამ ეტაპზე არაფერს დათმობენ. მით უმეტეს უკრაინა, რომელმაც ბოლო ერთი თვეა ფრონტის ხაზზე სრული უპირატესობა მოიპოვა. მეორეც, რუსეთი მსგავსი მოლაპარაკებების დროს სანდო არ არის და მან შესაძლოა ეს დროის მოგების მიზნით გამოიყენოს. ამიტომ ინდონეზიაში გამართული შეხევდრიდან ანალიტიკოსები რაიმე მნიშვნელოვან გარდატეხას არ ელიან”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით ზელენსკისა და პუტინის შეხვედრის დრო და ადგილი ცნობილია – რა შეთანხმება შეიძლება შედგეს კუნძულ ბალიზე.
“არის კიდევ ერთი გარემოება, რომელიც საერთოდ კითხვის ქვეშ აყენებს ორი პრეზიდენტის პირისპირ შეხვედრას – ოქტომბრის დასაწყისში პრეზიდენტმა ზელენსკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომელიც კრძალავს პრეზიდენტ პუტინთან მოლაპარაკებას. მასში ნათქვამია, რომ ასეთი მოლაპარაკება მხოლოდ რუსეთის შემდეგ პრეზიდენტთან შეიძლება შედგეს. დაზავების პირველი მცდელობა იყო 28 თებერვალს, სანამ რუსული ჯარები ჯერ კიდევ სწრაფად მიიწევდნენ კიევისკენ, ორივე ქვეყნის დელეგაცია უკრაინა-ბელარუსის საზღვარზე მოლაპარაკებების მაგიდას მიუჯდა. დიპლომატიურ წყაროებზე დაყრდნობით, უკრაინული გამოცემა “ზონა” წერდა, რომ რუსეთი ცეცხლის შეწყვეტის სანაცვლოდ მოითხოვდა უკრაინისგან, უარი ეთქვა ნატოში გაწევრიანებაზე. რუსული უნდა გამოცხადებულიყო მეორე სახელმწიფო ენად. ასევე, უკრაინას უნდა ეღიარებინა, რომ ყირიმი რუსეთის ნაწილი, დონეცკი და ლუგანსკი კი – დამოუკიდებელი სახელმწიფოებია. გარდა ამისა, უკრაინაში უნდა აკრძალულიყო ნაციონალისტური პარტიები და მას უარი უნდა ეთქვა ნებისმიერი სახის შეტევით იარაღზე. მარტში მოლაპარაკებების კიდევ სამი რაუნდი შედგა. 10 მარტს კი ანტალიაში ერთმანეთს შეხვდნენ რუსეთის და უკრაინის საგარეო მინისტრები, სერგეი ლავროვი და დმიტრო კულება. თურქეთის საგარეო მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რომელიც დიალოგს მედიატორობდა, თქვა, რომ „ეს მნიშვნელოვანი დასაწყისია”, – აღნიშნავს გამოცემა.
“დელეგაციების ბოლო შეხვედრა 29 მარტს სტამბულში გაიმართა. მოლაპარაკების დასასრულს, უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველმა, მიხაილო პოდოლიაკმა განაცხადა, რომ უკრაინა მზადაა უარი თქვას ნატოში შესვლაზე და 15 წლით გაყინოს ყირიმის სტატუსი. სანაცვლოდ რუსული ჯარები უნდა დაბრუნდნენ იმ პოზიციებზე, რა პოზიციებზეც იდგნენ 24 თებერვლამდე, უკრაინამ კი ნატოს ქვეყნებისგან უსაფრთხოების გარანტიები უნდა მიიღოს. თუმცა, რუსეთი შეუვალი იყო – ყირიმის სტატუსის გადახედვა დღის წესრიგში არასდროს დადგება. ეს იყო უკრაინული დარუსული მხარეების წარმომადგენელთა მიერ პირისპირ გამართული ბოლო ოფიციალური მოლაპარაკება. ორ დღეში ცნობილი გახდა ბუჩის ჟლეტის შესახებ. ყოფილი სახელმწიფო მინისტრი პაატა ზაქარეიშვილი აცხადებს, რომ ინდონეზიაში პუტინისა და ზელენსკის შეხვედრა არაფერს გადაწყვეტს, მაგრამ იმას მაინც გაიგებენ, ვინ რაზეა წამსვლელი. გამოჩნდება პუტინი რის დათმობას აპირებს და წავა თუ არა ვა-ბანკზე. ზაქარეიშვილი აქვე აღნიშნავს, რომ ერთი კვირის წინ ზელესკიმ ხელი მოაწერა კანონს, რომლის მიხედვითაც უშუალოდ ვლადიმირ პუტინთან მოლაპარაკება გამორიცხულია. ამიტომ ცოტა გასაკვირია რაზე შეიძლება სამიტზე ისაუბრონ”, – განაგრძობს გამოცემა.
“ზელენსკი ამბობს, რომ ვიდრე რუსეთს ახალი პრეზიდენტი არ ეყოლება, ის პუტინთან მოლაპარაკების მაგიდასთან დაჯდომას არ აპრირებს. ეს ცოტა უცნაურია, რადგან ზელენსკიმ თავი ამ კანონის მძევლად აქცია. თუ შეხვედრა შედგება და მოლაპარაკება მოხდა, მაშინ ზელენსკიმ მოლაპარაკებაში ჩართვა რაღაცით უნდა გაამართლოს. რა თქმა უნდა, ამ შეხვედრიდნ არავინ ელის, რომ ომი დასრულდება და რომელიმე მხარე რამეს დათმობს, მაგრამ შეხვედრად ღირს. მთელი ჩემი ცხოვრება მოლაპარაკებებში ვიყავი, ზოგჯერ ისეთშიც, სადაც ვიცოდი, რომ არაფერი გამოვიდოდა. მიუხედავად ამისა, მოლაპარაკებაზე მაინც შევდიოდი. ამიტომ პუტინის და ზელენსკის შეხვედრა დიპლომატიური თვალსაზრისით კარგი იქნება, რადგანაც გაირკვევა საბოლოოდ პუტინი არის თუ არა რაიმე დათმობაზე წამსვლელი. მოლაპარკების დროს პირისპირ ისეთი რამის თქმა შეგიძლია, რასაც, მაგალითად, ტელევიზიიდან და შუამავლების საშუალებით ვერ ეუბნები. ამიტომ შეხვედრად ღირს, მაგრამ არ მგდონია ვინმეს იმის მოლოდინი ჰქონდეს, რომ ან ზელენსკი წავა რამე დათმობაზე და ან პუტინი“, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას პაატა ზაქარეიშვილი.
“პუტინი უნდა დაითანხმონ, რომ ცეცხლი შეწყვიტოს. მაგალითად, ქართული ვარიანტი – ჩვენ შევწყვიტეთ ცეცხლი და მოლაპარაკებები ჟენევაში დავიწყეთ. მართალია, ამ ჟენევის მოლაპარაკებებს დავცინით, მაგრამ ხალხის ხოცვას და ომს ნამდვილად სჯობია. დასავლეთმა შეიძლება რუსეთის წამოყვანა ამაზე სცადოს – რომ ყირიმსა და დონბასზე შემდეგ იყოს საუბარი. თუმცა აქ ჩნდება პრობლემა – დასთანხმდება კი უკრაინა მსგავს წინადადებას? ზელენსკი საკუთარ თავს ამ ომში უკვე წარმატებულად მიიჩნევს და რაც უფრო დრო გავა, პუტინი უკრაინაში კიდევ უფრო ღრმად ჩაეფლობა. ამიტომ უკრაინამ გრძელვადიან მოლაპარაკებებში რატომ უნდა გადაიტანოს ყირიმის საკითხი, როცა ახლა ომით მისი გათავისუფლება შეუძლია?! უკრაინა ახლა იმდენად წარმატებულია, რომ აქვს უფლება ამაზე იფიქროს. მაშინ რატომ დაიღვარა ამდენი ადამიანის სისხლი? – იკითხავენ უკრაინელები. ეს შესაძლოა ზელენსკის წაგებად ჩაუთვალონ”, – განაგრძობს რესპონდენტი.
“გარდა ამისა, რუსეთის ნდობა ასეთ მოლაპარაკებებში ნაკლებად შეიძლება. ამიტომ არ ველი, რომ ამ შეხვედრიდან რაიმე რადიკალურად შეიცვლება. თუმცა, ბევრი რამ მაინც დასავლეთზეა დამოკიდებული. შესაძლოა ზელენსკიმ მათ მოუსმინოს, რადგან დიდწილად უკრაინა მათი დახმარების მეშვეობით არის ამ ომში წარმატებული. თუმცა პუტინის დათანხმება ბევრ რამეზე ძალიან რთული იქნება”, – დაასკვნის ზაქარეიშვილი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი ირაკლი მენაღარიშვილიც მიიჩნევს, რომ ეს შეხვედრა რაიმე ცვლილებას არ მოიტანს და არავის აქვს იმის ილუზია, რომ პუტინი და ზელენსკი ინდონეზიაში რამეზე შეთანხმდებიან. მენაღარიშვილი ამბობს, რომ შესაძლოა მხარეები ზოგიერთ დეტალზე შეთანხმდნენ, თუმცა ომის დასრულება ნაკლებად არის მოსლოდნელი. ყოფილი მინისტრი ფიქრობს, რომ უკრაინას დასათმობი არაფერი აქვს, ის საკუთარ ტერიტორიებს რუსეთს ვერ დაუთმობს, ამიტომ თუ ვინმემ რამე გადაწყვეტიება უნდა მიიღოს, ეს რუსეთია, რაც ამ ეტაპზე ნაკლებად არის მოსალოდნელი”, – დასძენს გამოცემა.
“ამ შეხვედრიდან რაიმე პრაქტიკული ნაბიჯის გადადგმის პერსპექტივას ვერ ვხედავ. თუმცა შეხვედრა ცუდი არ არის და მოლაპარაკებების პროცესი რაც უფრო ადრე დაიწყება, მით უკეთესია. ეს ომი ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება. დასავლეთის რესურსიც შეუზღუდავი არ არის და უკრაინას ასე მუდმივად ვერ დაეხმარებიან. იქაც გაჩნდება პრობლემები და ალბათ ზამთარში ეს უფრო შესამჩნევი გახდება. რუსეთს კი მით უმეტეს ძალიან მძიმე სიტუაცია აქვს. პუტინმა ფაქტობრივად ჩამოანგრია როგორც ქვეყნის ეკონომიკა, ასევე ჯარი, რომელიც ვხედავთ რა მდგომარეობაშია. ამის მიუხედავად, მისი მხრიდან დათმობაზე საუბრი რთულია. თუმცა პუტინის მოლაპარაკება ყველაზე მეტად სჭირდება. ის გამოსავალს ეძებს და ცოტა ხანში არანაირი რესურსი აღარ ექნება. დიპლომატიურ ველზე უკრაინამ ფაქტობრივად ყველა სვლა მოუგო და მთელი დასავლეთი მის წინააღმდეგ არის”, – მიიჩნევს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ირაკლი მენარაღიშვილი.
“მიუხედავად ამის, ამ გამოსავლის პერსპეტქივას ნაკლებად ვხედავ. რაღაცა მოდულზე უნდა შეთანხმდნენ, რომელიც უკრაინასაც აწყობს და რუსეთსაც. ზელენსკი ამბობს, რომ თუ რუსეთი მთლიანად მისი ტერიტორიიდან არ გავა, არანაირი შეთანხმება არ იქნება მისაღები. პუტინი ამაზე რომ დასთანხმდეს, მაშინ ომის წაგება უღიარებია და ეგაა. ეს კი მისი განაჩენია. შესაძლოა ეს სიცოცხლის ფასადაც კი დაუჯდეს, რადგანაც მას ამ წაგებას და საკუთარი ხალხის ხოცვას რუსეთში არ აპატიებენ. ამიტომ ძალიან დიდი დილემის წინაშე დგას მთელი მსოფლიო – რა გამოსავალი ნახონ, რომ ეს ომი დასრულდეს”, – თვლის მენაღარიშვილი. მისივე თქმით, თუ პუტინი ამ კონფლიქტის გაყინვას და დაკონსერვებას შეეცდება, მას ამის რესურსიც უნდა ჰქონდეს. თუკი უკრაინა ამაზე არ წავიდა და მან შეტევა გააგრძელა, პუტინს სჭირდება ჯარი იმისთვის, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე უკრაინელების შეტევები მოიგერიოს. უკრაინელებმა კი იციან, რომ თუ ეს კონფლიქტი გაიყინა, რუსების ქვეყნიდან გაძევება კიდევ დიდი ხნით გაჭიანურდება. ამიტომ არც ერთი მხარე დათმობაზე ამ ეტაპზე არ წავა”, – წერს სტატიის ავტორი.