გაეროს მიზნებმა მსოფლიოს უამრავი ქვეყანა გააერთიანა სწორი პრინციპების და ღირებულებების ირგვლივ. ჩვენ ახლა სოფლად მცხოვრები ქალებისა და მსოფლიო სურსათის დღის აღსანიშნავად ვერთიანდებით. ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით შევძელით აგრარულ სექტორში ქალების ჩართულობის გაზრდა. თუმცა, ისევე როგორც ქალების გაძლიერების, ასევე მსოფლიოს სურსათით უზრუნველყოფის მიზანი ჯერ კიდევ მიუღწეველი რჩება, ამისთვის ერთობლივი ძალისხმევით უნდა ვიმუშაოთ საერთო მიზნების მისაღწევად, – განაცხადა პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, გენდერული თანასწორობის საპარლამენტო საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა მესტიაში მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის აღსანიშნავ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.
16-17 ოქტომბერს, მესტიაში, მსოფლიო სურსათის დღე და სოფლად მცხოვრები ქალების დღე აღინიშნა. ამ დღესთან დაკავშირებით, მესტიაში აგრარული ბაზარი და ხორბლისა და პურის გამოფენა მოეწყო, სადაც ფერმერებმა სხვადასხვა ადგილობრივი პროდუქცია წარმოადგინეს. მათ შორის რძის ნაწარმი, ღვინო, თაფლი, ნიშური პროდუქტები. პურისა და ხორბლის ფესტივალზე ძველი ქართული ხორბლის ჯიშები იყო წარმოდგენილი. სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მონაწილეობით გაიმართა დისკუსიები და სემინარები სურსათის უვნებლობის თემებზე.
ღონისძიების მონაწილეებს მიმართა FAO-ს წარმომადგენელმა საქართველოში რაიმუნდ იელემ.
„მსოფლიო სურსათის დღე FAO-ს კალენდარში უმნიშვნელოვანესი დღეა. მისი აღნიშვნით გაერო მსოფლიოს შეახსენებს, რომ, განსაკუთრებით, მიმდინარე კრიზისების ფონზე, ყურადღების მიღმა არავინ უნდა დარჩეს.
წელს „მსოფლიო სურსათის დღე“ მსოფლიოს გლობალური სოლიდარობისკენ მოუწოდებს – გარდავქმნათ აგროსასურსათო სისტემები, რათა ხელი შევუწყოთ ინკლუზიურ ეკონომიკურ ზრდას, უთანასწორობის აღმოფხვრას, მდგრადობის გაზრდას და მდგრად განვითარებას. მსოფლიოში მიმდინარე კრიზისმა, უკრაინაში ომის სახით, დაგვანახა, რამდენად მნიშვნელოვანია, გავაძლიეროთ ადგილობრივი ფერმერები და ქალი მეწარმეები, რათა მათ სურსათის უსაფრთხოებაში მეტი წვლილის შეტანა შეძლონ და ასევე, ჩაერთონ გამოწვევაში, ერთად მივაღწიოთ უკეთეს წარმოებას, უკეთეს კვებას, უკეთეს გარემოსა და უკეთეს ცხოვრებას“, – განაცხადა რაიმუნდ იელემ.
მსოფლიო სურსათის დღეს FAO ყოველწლიურად, 16 ოქტომბერს, მსოფლიოს 150-მდე ქვეყანაში აღნიშნავს. წელს მესტიაში ერთობლივად გამართული მსოფლიო სურსათის დღისა და სოფლად მცხოვრები ქალების დღის მიზანს მცირე მეწარმეების მხარდაჭერა და ადგილობრივი ნიშური პროდუქტის პოპულარიზაცია, სოფლად მცხოვრები მეწარმე ქალების მხარდაჭერა და მათი შრომის შესახებ ინფორმაციის გავრცელება წარმოადგენდა.
მესტიაში ღონისძიება პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის, გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO), საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გაეროს ქალთა ორგანიზაციის (UN Women) და მესტიის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით გაიმართა.