თბილისის ვიცე-მერის, ირაკლი ხმალაძის განცხადებით, გიგა გიგაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ გადაწყვეტილება საკუთარი ნებით მიიღო, რადგან მისთვის მუშაობის გაგრძელება მარტივი არ იქნებოდა.
ხმალაძის თქმითვე, მერიის შესაბამისი სამსახურები, მერის დავალების მიხედვით, დღეიდან, იმ ობიექტების ინსპექტირებას იწყებენ, რომლებზეც დასკვნა „მშენექსპერტს“ აქვს გაცემული.
„გიგას განცხადებას რაც შეეხება, ეს მისი გადაწყვეტილებაა. ძალიან კარგად მესმის, მისთვის და ჩვენთვის, ყველასთვის ძალიან მძიმეა ეს ყველაფერი და მისთვის განსაკუთრებით მძიმე იქნება მუშაობის გაგრძელება. სულ ახლახან მივიღეთ მერისგან დავალება, ყველა სამსახური დაიწყებს მუშაობას, რათა დოკუმენტაცია ამოვიღოთ. ამის შემდეგ გვეცოდინება, რამდენი ობიექტია, მაგრამ ამ დავალებას თავიდან ბოლომდე მივყვებით და შევასრულებთ, ყველა ობიექტი, რომელზეც „მშენექსპერტს“ აქვს დადებითი დასკვნა გაცემული, თავიდან გადამოწმდება. ველოდებით პასუხს გამოძიებისგან. ცხადია, რომ ადგილი ჰქონდა ტექნიკურ გაუმართაობას, სხვა შემთხვევაში [უსაფრთხოების სისტემას] უნდა ემუშავა და არც ამ ტრაგედიის პირისპირ არ უნდა ვყოფილიყავით. არც ის ვიცი, რა ფერის იყო [შადრევნის] სადენები და არც ის, თუ ვის არ მოეწონა. ფაქტია, რომ რაღაც გამოსასწორებელი იყო და ტექნიკური ხარვეზის გამოსწორებაზე მითითება გაიცა. გამოძიება მას [მერიის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილეს] ედავება იმაში, რომ ეს მითითება სხვა ფორმით, ოფიციალურად უნდა გაცემულიყო. ამას ბოლომდე გამოძიება დაადგენს“, – აცხადებს ირაკლი ხმალაძე.