უკრაინა არის მეგობარი ქვეყანა და უკრაინელები არიან მეგობარი ხალხი. ხელისუფლებას რაც შეეხება, აქ იყო პრობლემები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში და ომამდე ბევრად უფრო ადრე დაიწყო, როდესაც საქართველოდან გაქცეული არაერთი უმძიმესი კრიმინალი შეიფარეს, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
„ეს ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმი გრძელდებოდა მთელი ამ პერიოდის განმავლობაში. ერთ მძიმე ნაბიჯს მეორე ემატებოდა და გრძელდება. დღეს რაც ვიხილეთ ეს არის უკიდურესად არამეგობრული ნაბიჯი. ერთადერთი ანგარიში უნდა გავუწიოთ ქვეყნისა და ხალხის მიმართ დამოკიდებულებას და იმას, რომ ეს ქვეყანა და ხალხი დღეს უმძიმეს მდგომარეობაშია. არის უმძიმესი ვითარება, ადამიანები იღუპებიან, ომი გრძელდება. ამას ანგარიში უნდა გავუწიოთ. დღეს რაც მათ გააკეთეს, ეს არის მხოლოდ ერთ-ერთი უბედურება, რაც უკრაინის ხელისუფლების თავზეა დამტყდარი. რაღაცებს ანგარიში უნდა გავუწიოთ, მაგრამ რეაგირების გარეშე ბოლომდე ვერ დარჩება. რაც შეეხება დიპლომატიურ რეაგირებას, ეს არის უფრო მთავრობის პრეროგატივა. ემოციებს არ უნდა ავყვეთ“, – განაცხადა კობახიძემ.
უკრაინის უშიშროების საბჭოს მიერ მომზადებულ სანქცირებულთა სიაში საქართველოს ხუთი მოქალაქე მოხვდა. ესენი არიან: ალექსანდრე ივანიშვილი, მისი მეუღლე, ქეთევან ხარაძე, ბიძინა ივანიშვილის დეიდაშვილი, უჩა მამაცაშვილი და მისი შვილი, ტიტე მამაცაშვილი. სიაშია ბიზნესმენი დავით იაკობაშვილიც. უკრაინის პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში გადაწყვეტილების კონკრეტული მიზეზები განმარტებული არ არის.