24 თებერვალს უკრაინელმა ხალხმა ბომბების წვიმაში გაიღვიძა. დასავლეთში ეს შეიძლება ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, ჩვენ, ქართველებს, მოლდოველებსა და უკრაინელებს, ეს უკვე არაერთხელ გვქონდა გამოცდილი, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ხორვატიაში, ყირიმის საერთაშორისო პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„ქართველი ხალხი მსგავსი თავდასხმების მსხვერპლი გახდა როგორც 2008 წელს, ისევე 1990-იან წლების დასაწყისში აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში. ჩვენ ვიხილეთ რუსული ტანკები როგორ ანადგურებდნენ საქართველოს სოფლებს, რუსული თვითმფრინავები კი როგორ ბომბავდნენ ჩვენი უკეთესი მომავლის იმედებს. ჩვენ შევესწარით ასობით ათასი ადამიანის გამოძევებას წინაპართა სახლებიდან, ხოცვა-ჟლეტასა და ეთნიკურ წმენდას გამოქცეულები, თვეებისა და წლების განმავლობაში როგორ აფარებდნენ თავს გაყინულ კედლებში საკუთარ შვილებთან და საყვარელ ადამიანებთან ერთად. ჩვენგან მხოლოდ ერთი პასუხი შეიძლება იყოს: ჩვენ მკაცრად ვგმობთ რუსეთის თავდასხმას უკრაინაზე და მისი რეგიონების უკანონო ანექსიას. რუსეთმა უნდა აღიაროს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა, უნდა გაიყვანოს ჯარები ოკუპირებული ტერიტორიებიდან და პატივი უნდა სცეს უკრაინის დამოუკიდებლობას“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.