ნორვეგიაში დააკავეს რუსეთის სპეცსამსახურების სავარაუდო აგენტი, რომელიც ტრომსის არქტიკის უნივერსიტეტში მკვლევრად მუშაობდა. ამის შესახებ ნორვეგიის რადიო (NRK) იტყობინება.
გამოცემის თანახმად, დაკავებული 30-დან 40 წლამდე მამაკაცია, რომელიც ნორვეგიაში 2021 წლის შემოდგომაზე ჩავიდა და “ქვეყნის ჩრდილოეთ ნაწილსა და ჰიბრიდულ საფრთხეებს სწავლობდა.” შიდა უსაფრთხოების სამსახური (PST) მიიჩნევს, რომ რუსი ეროვნების მოქალაქე ნორვეგიაში მივლინებით ყალბი ბრაზილიური დოკუმენტებით გაგზავნეს.
“ნორვეგიის შიდა უსაფრთხოების სამსახური შიშობს, რომ მამაკაცს შეეძლო გაეჩინა მეგობრები და მიეღო ინფორმაციები ნორვეგიის პოლიტიკაზე ქვეყნის ჩრდილოეთში. და მაშინაც, თუ ეს მონაცემები არ წარმოადგენს საფრთხეს უსაფრთხოებისათვის, იგი რუსეთმა შეიძლება გამოიყენოს სამეფოს წინააღმდეგ”, – განაცხადა უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა ჰედვიგო მოემ.
ჯაშუშობაში ეჭვმიტანილი ოთხი კვირის ვადით არის დაკავებული. ამ დროის განმავლობაში სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს ქვეყნიდან მისი დეპორტაცია. რუსეთის საელჩო NRK-ის ჟურნალისტების შეკითხვებს ჯერ არ გამოხმაურებია.
სავარაუდო რუსი აგენტები ადრე არაერთხელ დაადანაშაულეს ბრაზილიისა და ლათინური ამერიკის სხვა ქვეყნების მოქალაქეობის მიღებაში, რათა შემდეგ სამუშაოდ მოწყობილიყვნენ კვლევით და საერთაშორისო ორგანიზაციებში.
