“რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ციხიდან გამოუშვეს პატიმარი, რომელიც 20 წელი სასჯელს ტყუილად იხდიდა, მე შევშფოთდი და ვთქვი, რომ ასეთი რამ არასდროს უნდა მოხდეს”, – ამის შესახებ “ქართული ოცნების“ წევრმა, ირაკლი ზარქუამ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმესთან დაკავშირებით აშშ-ის საელჩოს განცხადებაზე საუბრისას აღნიშნა.
მისივე თქმით, საქართველოს სასამართლოს სისტემის მიმართ ეჭვის შეტანის საფუძველი არავის აქვს.
“რამდენიმე დღის წინ აშშ-ში ციხიდან გამოუშვეს პატიმარი, რომელიც 20 წელი სასჯელს ტყუილად იხდიდა, მე შევშფოთდი და ვთქვი, რომ ასეთი რამ არასდროს უნდა მოხდეს. არავის აქვს საფუძველი იმისა, რომ საქართველოს სასამართლო სისტემის მიმართ ეჭვი შეიტანოს. ჩვენთან სასამართლო სისტემა ისეა მოწყობილი, რომ მსჯავრდებულს შეუძლია, ყველა ინსტანცია გაიაროს და თუ წარმატებას ვერ მიაღწევს, საჩივარი საერთაშორისო დავებში გადაიტანოს. თუ ეს ადამიანი საერთაშორისო სასამართლოში გამართლდება, პირველი მე მივულოცავ“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
ცნობისთვის, ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოს განცხადებით, „მთავარი არხის“ გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას პატიმრობა რისკის ქვეშ აყენებს ქართველი ხალხის მკაფიო არჩევანსა და საქართველოს ლიდერების გაცხადებულ მიზანს უფრო უსაფრთხო, დემოკრატიული, ევროპული მომავლისა.
