საქართველოს ეროვნულ ბოტანიკურ ბაღში „შემოდგომის ყვავილების გამოფენა“ მიმდინარეობს.
თბილისის მერიის ინფორმაციით, ღონისძიებაზე ბოტანიკური ბაღის კოლექციიდან ქრიზანთემების 150-ზე მეტი, ხოლო გეორგინების 50-მდე ჯიში, ასევე, შემოდგომის ყვავილების მრავალფეროვნება და სხვადასხვა კომპოზიციაა წარმოდგენილი.
„ღონისძიებაზე დამთვალიერებლებს ქრიზანთემებისა და ტროპიკული ორანჟერეის გასაყიდი მცენარეების, გვირგვინების, თემატური ხელნაკეთი ნივთების შეძენის შესაძლებლობა აქვთ. იმართება ეკო-საგანმანათლებლო აქტივობებიც, რომლის ფარგლებში, ბოტანიკური ბაღის სპეციალისტები დაინტერესებულ პირებს მცენარის მოვლასთან დაკავშირებულ ინფორმაციას აწვდიან.
„ყვავილების გამოფენა“ ტრადიციულად, შემოდგომის პერიოდში ტარდება, სადაც ვიზიტორებს განახლებული კოლექციების დათვალიერების შესაძლებლობა აქვთ.
გამოფენა ორი დღის განმავლობაში, 12:00-დან 18:00 საათამდე პერიოდში ჩატარდება“, – აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

