„იმედში“ ვანდალური შეჭრა, დარბევა და თითქმის ხოცვა-ჟლეტა ყველამ კარგად ნახა. რაც ჩატარდა და რაც მოხდა უნდა გაფორმებულიყო იურიდიულად და მთავრობა ფიქრობდა როგორ ჩაეტარებინა ეს პროცესი – ქონების გადაფორმება. რამდენადაც მე ვიყავი საბჭოს თავმჯდომარე, ხელი უნდა მომეწერა. სხვადასხვა მანიპულაციების გამოყენებით 2008 წლის 22 თებერვალს, მე მიმიყვანეს მარჯანიშვილის ქუჩაზე არსებულ სანოტარო კანტორაში, რომელიც იყო დაკეტილი და იყვნენ მხოლოდ ნოტარიუსი და უნიფორმაში გამოწყობილი სამხედრო პოლიციელები, ასევე შს სამინისტროს თანამშრომლები, – ამის შესახებ „იმედის“ სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილმა თავმჯდომარემ გოგი ჯაოშვილმა „იმედი LIVE“-ში ისაუბრა.
„მთელი დღე მაიძულებდნენ, რომ გადამეფორმებინა ქონება. ჩემზე ხორციელდებოდა ძლიერი ფსიქოლოგიური ზეწოლა. მეუბნებოდნენ, რომ ამის არგაკეთების შემთხვევაში უნდა მცოდნოდა რა დაგვემართებოდა მე და ჩემს ოჯახს. ფიზიკურად ვერ გამისწორდებოდნენ სანოტარო კანტორაში, მაგრამ ყველა ზომას მიმართავდნენ, რომ ხელი მომეწერა ხელშეკრულებისთვის, რომელიც ითვალისწინებდა ამ ქონების ჯოზეფ ქეისათვის გადაცემას. მე გამოვეკიდე იურიდიულ საკითხებს, რომ არ გამოვიდა 4-5 მილიონად შეფასებული ქონების 400 ათასად გადაცემა. მაგრამ ამან არ გაჭრა. ეს ამხელა ქონება 420 ათას ლარად უნდა გადაფორმებულიყო“, – გაიხსენა ჯაოშვილმა.
2007 წლის 7 ნოემბრის მოვლენებიდან 15 წელი გავიდა. სამი დარბევა ერთ დღეს, აქციის დაშლა რუსთაველის გამზირსა და რიყეზე, შეჭრა ტელეკომპანია „იმედში“ – სპეცდანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ცრემლმდენი გაზი, ხელკეტები, რეზინის ტყვიები, აკუსტიკური იარაღი და წყლის ჭავლი გამოიყენა. 7 ნოემბრის საღამოს კი სპეცრაზმი ტელეკომპანია „იმედში“ შემოიჭრა და არხის მაუწყებლობა გათიშა.