თუ მცირე კონსტრუქციულობა იქნება გამოჩენილი რადიკალური ოპოზიციის მხრიდან, რეალურად სახალხო დამცველის არჩევას პერსპექტივა აქვს, – ამის შესახებ ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
საპარლამენტო უმრავლესობის წევრის თქმით, რადიკალური ოპოზიცია ულტიმატუმის ენით საუბრობს.
„ასეთ პირობებში, როდესაც ზოგიერთი პოლიტიკოსი განწყობილია ხელისუფლებასთან ულტიმატუმით და აცხადებს, რომ არ ჩაერთვება პოლიტიკურ კონსულტაციებში ან თავს შეიკავებს, წინააღმდეგობას გამოხატავს სხვადასხვა მიზეზით და ამას ასაბუთებს მხოლოდ ერთი ან ორი კანდიდატის მხარდაჭერის სურვილითა და მოთხოვნით, ასეთ დროს ამას ჰქვია ულტიმატუმი და ულტიმატუმით მოლაპარაკების პროცესს არ წარმართავენ. ამდენად, თუ მცირე კონსტრუქციულობა იქნება გამოჩენილი ოპოზიციის მხრიდან, რეალურად სახალხო დამცველის არჩევა პერსპექტიულია“, – განაცხადა სარჯველაძემ.
სახალხო დამცველის კანდიდატის ასარჩევად, მმართველი გუნდი მზად არის, ოპოზიციასთან ერთად კონსულტაციები დაიწყოს. რადიკალურ ოპოზიციაში კი ამაში აზრს ვერ ხედავენ და მმართველ გუნდს ულტიმატუმებს უყენებენ.