უშიშროების ყოფილი მინისტრის ირაკლი ბათიაშვილის ინტერვიუ გაზეთ “ვერსიასთან”. გთავაზობთ შემოკლებით:
– ნინო ბურჯანაძე, როგორც პოლიტიკური ფიგურა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტ როლს თამაშობდა და იმ უმძიმეს წლებში, დაწყებული 2010-2011 წლებიდან, სააკაშვილის რეჟიმის წინააღმდეგ ბრძოლაში, პრაქტიკულად, ფლაგმანები ვიყავით. ამ თემაზე ლაპარაკი არ მინდა, მაგრამ 2011 წლის 26-მა მაისმა წინა რეჟიმის მსხვრევაში, მგონი, უკვე ბევრი აცნობიერებს, რომ ერთ-ერთი გარდამტეხი როლი ითამაშა.
_ ერთი მოსაზრებით, იძულებული იყავით, ბურჯანაძის გვერდით დამდგარიყავით, რადგან 2008 წელს, როცა პრეზიდენტის მოვალეობას ასრულებდა, ციხიდან გაგათავისუფლათ…
_ როგორ გეკადრებათ! ეს რა შუაშია? მსგავსი მოსაზრება არ მომისმენია… ჯერ კიდევ სასამართლოს დროს რა საკითხი არ დამისვეს – მთავაზობდნენ საპროცესო შეთანხმებას, მერე – პრეზიდენტის სახელზე რაღაც წერილის დაწერას. ისიც მითხრეს, თუ შეგიძლია, პრეზიდენტის სახელზე დაწერე, რომ მართალი ხარ და ტყუილად დაგიჭირესო, მაგრამ მთელმა საქართველომ იცის, რომ ყველა შემოთავაზებაზე უარი ვთქვი. ციხიდან ჩემი გათავისუფლება ხელისუფლების მხრიდან ვინმეს ინიციატივა კი არ იყო, არამედ, ოპოზიციისა და პატრიარქის ზეწოლამ, რასაც 7 ნოემბრის ტალღა დაემთხვა, სააკაშვილს გადაწყვეტილება მიაღებინა…
_ ამ დროს სააკაშვილი პრეზიდენტობიდან გადამდგარი იყო…
_ რეალურად, ყველაფერს მაინც ის წყვეტდა… ვანო, თუ გაინტერესებთ, შეგიძლიათ, ლევან გაჩეჩილაძეს ჰკითხოთ, რომელიც სააკაშვილს ოპოზიციის სახელით შეხვდა და ულტიმატუმი იყო დასმული, ვიდრე რამეზე იქნება ლაპარაკი, ირაკლი ბათიაშვილის გათავისუფლების საკითხი უნდა გადაწყდესო, რაზეც სააკაშვილს უმძიმესი რეაქცია ჰქონდა, მაგრამ საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება მიიღო.
_ ირაკლი ბატონო, თქვენს ბიოგრაფიაში ბევრი წინააღმდეგობრივი მომენტია. მაგალითად, თქვენი დაჭერის პროვოცირება თინა ხიდაშელის განცხადებამ მოახდინა. ციხეში კი, როგორც ვიცი, რესპუბლიკური პარტიის, ასე ვთქვათ, მმართველი საბჭოს წევრი გახდით…
_ არა, არასწორი ინფორმაცია გაქვთ და ამის გადამოწმება ადვილია. ციხიდან წერილებით კონტაქტი გაერთიანებულ ოპოზიციასთან მქონდა, რომელსაც სააკაშვილის წინააღმდეგ ბრძოლაში მხარს ვუჭერდი. ციხიდან რომ გამოვედი, რესპუბლიკურ პარტიაში, დაახლოებით, ორი თვის შემდეგ შევედი.
_ რატომ?
_ ეს სხვა თემაა.
_ თინა ხიდაშელის თანაპარტიელობა უხერხულობას არ გიქმნიდათ?
_ ის დაუფიქრებელი განცხადება, რომელიც კოდორის ხეობასთან დაკავშირებით გააკეთა და ჩემზე დარტყმას წარმოადგენდა, უხერხული და საზიანო თავად თინა ხიდაშელისთვის აღმოჩნდა. რომ მიჭერდნენ, მოდულ-ში შესვლისას ამაზე რეაქციაც მქონდა, მაგრამ თინამ ბევრი რაღაც ვერ გააცნობიერა – შეცდომაში იყო შეყვანილი, არასწორი წარმოდგენა ჰქონდა და ეს მისი მხრიდან დაუფიქრებელი ნაბიჯი იყო. სამაგიეროდ, მერე, მიტინგებზე ჩემს გათავისუფლებას თავგამოდებით მოითხოვდა.
_ მაშასადამე, თქვენს წინაშე ჩადენილი დანაშაული გამოისყიდა?
_ რაც გინდათ, ის დაარქვით, თან ჩემს დაჭერას ხიდაშელს ნუ დააბრალებთ. ჩემი დაჭერის ინიციატორი მიხეილ სააკაშვილი იყო – ჩემზე თვალი ჰქონდა დადგმული და ამაზე ვწერდი კიდეც ანუ დაჭერას ველოდი.
წყარო: ვერსია