“უფლებამოსილების შეზღუდვაზე საუბარი საკმაოდ უარყოფითად აისახება სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. მითუმეტეს, ჩვენს რეგიონშიც იცით რა ვითარება და რა საფრთხეებია“, – აცხადებს პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ირაკლი ბერაია გაზეთ “ვერსიასთან” ინტერვიუში:
”EMC (,,ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი”) ითხოვს კონტრდაზვერვითი საქმიანობის განმახორციელებელი სამსახურების უფლებამოსილებების შეზღუდვას. მაგალითად, ფარული ვიდეო და აუდიოჩაწერის, ფარული კინო და ფოტოგადაღების, ასევე შეთანხმებული ელექტრონული თვალთვალის რეგულაციების მიმართულებით, რაც ჩემი აზრით, მიუღებელია, რადგან პირდაპირ ზღუდავს და ასუსტებს ზოგადად ჩვენი ქვეყნის სპეცსამსახურებს. ეს უფლებამოსილებები გაწერილია კანონში და ეს უფლებამოსილებები აქვს ჩვენი ყველა პარტნიორი ქვეყნის სპეცსამსახურებს. კონტრდაზვერვითი საქმიანობა არის სახელმწიფო უსაფრთხოების უზრუნველყოფის სფეროში სპეციალური ღონისძიებების სისტემა, როგორც ოპერატიული და ასევე ოპერატიულ-ტექნიკური ღონისძიებების, რომლებიც მიმართულია უცხო ქვეყნის სპეცსამსახურების, ცალკეული ორგანიზაციების, პირების თუ პირთა ჯგუფების მიერ განხორციელებული სადაზვერვო თუ ტერორისტული საქმიანობის გამოსავლენად და თავიდან ასაცილებლად. საუბარია, პირველ რიგში, პრევენციულ ღონისძიებებზე, იმიტომ, რომ ზოგადად, ეს საფრთხეები არის იმდენად სპეციფიკური, არაიდენტიფიცირებადი, აუცილებელია პრევენციული მოქმედება მანამ, სანამ საფრთხეები კონკრეტულ დანაშაულებებში გადაიზრდება. ამ ფონზე, მსოფლიოს არაერთი, მათ შორის ჩვენი პარტნიორი ქვეყანა, პირიქით, ამკაცრებს კანონმდებლობას ამ მიმართულებით, კონტრდაზვერვით და კონტრტერორისტულ სფეროში სამსახურებს უფლებამოსილებებს უფართოებს.
ამის გაკეთება ბოლო დროს განვითარებული მოვლენებისა და მომეტებული საფრთხეების ფონზე გახდა აუცილებელი. ჩვენი მხრიდან კი, ამ უფლებამოსილების შეზღუდვაზე საუბარი საკმაოდ უარყოფითად აისახება სახელმწიფოსა და მოქალაქეების უსაფრთხოებაზე. მითუმეტეს, ჩვენს რეგიონშიც იცით რა ვითარება და რა საფრთხეებია. ჩვენი ტერიტორიების 20% ოკუპირებულია. ამ ფონზე, დიდწილად, სწორედ კონტრდაზვერვითი საქმიანობის ეფექტურ განხორციელებაზეა დამოკიდებული ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების უსაფრთხოება. შესაბამისად, ამ უფლებამოსილების შეზღუდვა, დაუშვებელი და მიუღებელია. ასეთი ღონისძიებები ხორციელდება აუცილებლობის შემთხვევაში და პროპორციულობის პრინციპით დემოკრატიულ საზოგადოებაში. “, – აცხადებს ბერაია.
წყარო: ვერსია