დაძაბულობის ის ფონი, რომელიც ახლავს „ნაციონალურ მოძრაობაში“ არჩევნებს, მეტყველებს, რომ ეს არ არის სტანდარტული და ჩვეულებრივი პროცესი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ წევრმა, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
სარჯველაძის თქმით, „ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთმა წარუმატებელმა მცდელობამ განაპირობა, რომ კონფლიქტები დაიბადა არამხოლოდ მათსა და საზოგადოებას შორის, არამედ პარტიაშიც.
„ეს არის ისეთი ხარისხის რყევების პროცესი ამ პარტიაში, რომლის დასრულების შემდეგაც უბრალოდ ის ირკვევა, ვინ დარჩება ამ პარტიაში და ვინ წავა, თორემ არ მგონია, რომ რესურსი იყოს დარჩენილი ერთობლივად, შეხმატკბილებულად მუშაობა გააგრძელონ. ამას ყველა ხვდება. ეს არ არის კარგი ცხოვრებით გამოწვეული. ჩემთვის პირადად საინტერესო და საყურადღებოა, რომ რაღაც ეტაპზე მათ მიერ დაშვებულმა შეცდომებმა, მათმა არასწორმა პოლიტიკამ, კომუნიკაციამ საზოგადოებასთან და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის არაერთმა წარუმატებელმა მცდელობამ განაპირობა ის, რომ კონფლიქტები დაიბადა არამხოლოდ მათსა და საზოგადოებას შორის, არამედ მათ შიგნითაც. აქედან გამომდინარე, ამ პროცესებს ვადევნებთ თვალს. აბსოლუტურად კანონზომიერია, რა მდგომარეობაც აქვთ. ახლა ტექნიკურ საკითხებზე ყურადღების გადატანა, არჩევნები რომელი ტექნოლოგიური ფორმით გაგრძელდება, რომელიც ცოტა უხერხულადაც გამოიყურება, გაყალბებებისგან დაზღვევას რომ აკეთებენ, რა გამოდის, ერთმანეთს არ ენდობიან? ამას მეტყველებს“, – განუცხადა სარჯველაძემ საქართველოს პირველ არხს.