ამერიკელმა ექსპერტმა [მიხეილ სააკაშვილის] პროცესის შიგნით ორჯერ მისცა განმარტება სიმულაციასთან დაკავშირებით. მან პირველად თქვა, რომ დიახ, შესაძლებელია. შესვენების შემდეგ თქვა, რომ სიმულაცია არ ყოფილა. სისხლის სამართლის კოდექსი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს დანაშაულად მიიჩნევს, – ამის შესახებ დამოუკიდებელმა ექსპერტმა მაია ნიკოლეიშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.
მისი თქმით, სააკაშვილს სრულფასოვანი ექსპერტიზა უნდა ჩაუტარდეს.
„შეძენილი დემენცია დაუზუსტებელია. ეს გათავისუფლების საფუძველი რამდენად გახდება მომავალში ვნახოთ, მაგრამ, ჩვენი კანონმდებლობა საკმაოდ მკაცრია ყველა პროცედურის მიმართ. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცალსახადაა გაწერილი ექსპერტიზა, ექსპერტი, ნივთმტკიცების მოპოვება, დასკვნა როგორი უნდა იყოს. მაგალითად – სავარაუდო დასკვნა არაფერს წარმოადგენს, დასკვნა უნდა იყოს მეცნიერულად დასაბუთებული. თავად ექსპერტს არ შევაფასებ, პროცედურულ მხარეს შევაფასებ: მან ჯერ დაადასტურა, რომ შესაძლებელია ამ სიმპტომების სიმულირება. ამერიკელმა ექსპერტმა პროცესის შიგნით ორჯერ მისცა განმარტება სიმულაციასთან დაკავშირებით. მან პირველად თქვა, რომ დიახ, შესაძლებელია. შესვენების შემდეგ თქვა, რომ სიმულაცია არ ყოფილა. სისხლის სამართლის კოდექსი ურთიერთსაწინააღმდეგო ჩვენებებს დანაშაულად მიიჩნევს. უნდა ჩატარდეს სრულფასოვანი ექსპერტიზა, სადაც, ყველა კითხვას გაეცემა პასუხი. არის ეს სიმულაცია, არსებულის დამძიმება თუ ეს ადამიანი მართლა ცუდად არის. ამბულატორიულად, ერთი შეხვედრით ასეთი რამის დადგენა შეუძლებელია. ეს უმნიშვნელოვანესი საკითხია. მნიშვნელოვანია, რომ ეს პროცესი ტარდება ადამიანის ჯანმრთელობის დასადგენად. თუ ის მძიმედ ავადაა, მას უნდა გადაუვადონ სასჯელი, ან გაათავისუფლონ. დაისვა აბსოლუტურად სწორი კითხვა – რადგან სუბიექტურ მონაცემებს ეყრდნობა, ხომ არ არის ეს ყველაფერი სიმულაცია ან აგრავაცია. თუ ამას არ გაეცა პასუხი, მოსამართლემ ჭეშმარიტება როგორ უნდა დაადგინოს? სახელმწიფო ძალიან ლოიალურია ამ ერთი ადამიანის მიმართ. არ შეიძლება ის სხვებისგან გამოარჩიო“, – განაცხადა ნიკოლეიშვილმა.