„ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ გუშინ განვითარებულ მოვლენებში მონაწილე პოლიციელებსა და სამართალდამცველებს მოთმინებისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის მადლობა გადაუხადა.
„რადიკალური ოპოზიციის მხარდამჭერების მხრიდან დაფიქსირდა უპრეცედენტო ძალადობა სამართალდამცველებზე. თუ 2012 წლამდე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, სამართალდამცველები ძალადობდნენ მომიტინგეებსა და სახალხო დამცველზე, გუშინ იმავე „ნაციონალური მოძრაობის“ დავალებით, მომიტინგეები ძალადობდნენ სამართალდამცველებსა და სახალხო დამცველზე. ეს ფაქტი კიდევ ერთხელ გვახსენებს, რომ ეს ადამიანები არასოდეს შეიცვლიან საკუთარ ბუნებას, სადაც არ უნდა იყვნენ ისინი – ხელისუფლებაში თუ ოპოზიციაში. მნიშვნელოვანია, ყველამ, ვინც გუშინ უხეშად არღვევდა კანონს და ძალადობდა, კანონის მთელი სიმკაცრით აგოს პასუხი. გამოვთქვამთ გულისტკივილს თითოეეული მშვიდობიანი მომიტინგის გამო, რომელმაც გუშინ თუნდაც უმნიშვნელო დაზიანება მიიღო. მადლობას ვუხდით თითოეულ პოლიციელს და სამართალდამცველს გუშინდელი მოთმინებისა და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტით მოქმედებისთვის“, – განაცხადა კობახიძემ პარტიის ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე.