ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ აფხაზეთზე სამხედრო, პოლიტიკურ და ეკონომიკურ ეფექტურ კონტროლს რუსეთი ომამდეც ახორციელებდა, შესაბამისად, ჩადენილ ადამიანის უფლებების ყველა დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დაუდგინდა, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრის მოადგილემ, ბექა ძამაშვილმა ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ „მამასახლისი და სხვები საქართველოსა და რუსეთის წინააღმდეგ“ საქმეზე მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა.
„როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია ომის საქმესთან დაკავშირებით, საქართველოს უკვე მოგებული ჰქონდა აბსოლუტურად ყველა დავა, როგორც სტრასბურგის, ისე ჰააგის სასამართლოში. დღევანდელი გადაწყვეტილებით, საქმეზე „მამასახლისი და სხვები რუსეთის წინააღმდეგ“ რუსეთის ფედერაციის პასუხისმგებლობა უკვე 2008 წლის ომამდე პერიოდზეც გამოიკვეთა“, – აღნიშნა ბექა ძამაშვილმა.
სტრასბურგის სასამართლომ მამასახლისის საქმის ფარგლებში, აფხაზეთში ადამიანის უფლებების დარღვევაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა.