ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უმაღლესი სასწავლებელი, ფონდი „ქართუსთვის“ ეს არის წმინდა წყლის საქველმოქმედო პროექტი, ბუნებრივია იქიდან არანაირ შემოსავალს არ ვიღებთ, პირიქით – პროექტს გიგანტურ თანხებს ვახარჯავთ. ეს შეეხება როგორც მშენებლობას, ისე ამ უნივერსიტეტის ყოველწლიურ შენახვას, – ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ გამგეობის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ ჩხეტიანმა „ქრონიკას“ განუცხადა.
„არ გვაკვირვებს ის პროპაგანდისტული თავდასხმები და მესიჯბოქსი, რომელსაც მუდმივად იმეორებს პოლიტიკურად ანგაჟირებული მედია. გუშინდელ გადაცემაში კიდევ ერთხელ გაჟღერდა მცდარი ინფორმაცია, ვითომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი წარმოადგენს ბიძინა ივანიშვილის კერძო პირად უნივერსიტეტს, რაც რა თქმა უნდა სიცრუეა. ეს არის სახელმწიფო უნივერსიტეტი. პირველად, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, ნულიდან შეიქმნა ახალი, სახელმწიფო უნივერსიტეტი“, – აღნიშნა ნიკოლოზ ჩხეტიანმა.
ოპოზიციურმა მედია საშუალებებმა, მოამზადეს სიუჟეტი, სადაც ნათქვამია, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი კონკრეტული პრივილეგიებით სარგებლობს და ავტორიზაციის გარეშე აგრძელებს მუშაობს.