ოპოსპიკერებს არ უხსენებიათ, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნინო წილოსანი სოციალურ ქსელში წერს, რითაც იგი ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმიანება.
„პუტინთან დაკავშირებით ჰააგის სასამართლოს გუშინდელ გადაწყვეტილებაზე ერთი ამბავი რომ ჰქონდა ატეხილი ოპოსპიკერებს, არავის უხსენებია, რომ საქართველო იყო იმ 38 ქვეყანას შორის, რომლის მიმართვის საფუძველზეც ჰააგის სასამართლომ რუსეთის ომის დანაშაულების გამოძიება დაიწყო (მოლდოვა ამ მიმართვას არ შეუერთდა). ეს ორდერიც ამ გამოძიების შედეგია! ტრადიციულად, რადიკალური ოპოზიცია ამ თემაზეც სპეკულირებს…“, – წერს ნინო წილოსანი.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ (ICC) რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის დაკავების ორდერი გასცა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლო ვლადიმირ პუტინს უკრაინაში ჩადენილ სამხედრო დანაშაულებზე პასუხისმგებლობას აკისრებს.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ასევე გასცა რუსეთის პრეზიდენტის აპარატში ბავშვთა უფლებების კომისრის დაკავების ორდერი.
2022 წლის მარტში, საქართველომ 37 ქვეყანასთან ერთად უკრაინის ტერიტორიაზე რუსეთის მხრიდან ჩადენილი ომის დანაშაულებების გამოძიების მოთხოვნით ჰააგაში მდებარე სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს (ICC) მიმართა.