სურამში პარტია „გირჩი – მეტი თავისუფლების“ ლიდერების ახალგაზრდებთან შეხვედრაზე ჟურნალისტები არ დაუშვეს.
შეხვედრას 40-მდე ახალგაზრდა ესწრება, მათ შორის არიან 15-16 წლის სკოლის მოსწავლეებიც. არასრულწლოვანთა განცხადებით, მათ ტრენინგზე ინფორმაცია პოლიტიკურ იდიოლოგიებზე, ფაშიზმზე, ფემინიზმსა და რელიგიაზე მოისმინეს.
თავად პარტიის წარმომადგენლები კი აცხადებენ, რომ ტრენინგის თემებია პოლიტიკური იდეოლოგიები, აირაის კვლევები, დანაშაული, რელიგია და სახელმწიფოა.
მიუხედავად იმისა, რომ თავდაპირველად მედია შეკრების გასაშუქებლად დაუშვეს, შემდეგ შეკრების დამფინანსებელმა აღარ ისურვა, მისი ლექცია ჟურნალისტებს მოესმინათ.
შეკრებილებს ტრენინგს უტარებს ზურა გირჩი ჯაფარიძე.
„მე მოწვეული სპიკერი ვარ. უნივერსიტეტებში ვკითხულობ პოლიტიკური იდეოლოგიის შესახებ კურსს და აქაც, ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია ახალგაზრდებისთვის აკეთებს აკადემიურ კურსს, სადაც ერთ-ერთი ნაწილია პოლიტიკური იდეოლოგიები. დამიძახეს, ჩამოვედი და ვესაუბრე პოლიტიკურ იდეოლოგიებზე“, – განაცხადა ჯაფარიძემ
კითხვაზე, იცნობს თუ არა იგი აშშ-ის მოქალაქეს, მარშალ ქომინსს, ჯაფარიძემ განაცხადა: „ბავშვობის მეგობარია. ერთად გავიზარდეთ“.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის, გრიგოლ ლილუაშვილის ინფორმაციით, აშშ-ის მოქალაქე მარშალ ქომინსი, რომელიც საქართველოში არ შემოუშვეს, შემჩნეული იყო 7-8 მარტის აქციებზე დესტრუქციულად განწყობილი ჯგუფების დატრენინგებასა და მითითებებთან დაკავშირებულ საქმიანობაში.