დეპუტატი გიორგი ვაშაძე გამოძიებას აღმაშენებლის 75-ში სავარაუდო დანაშაულებრივი ქოლცენტრის საქმეზე კითხვებით მიმართავს. „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერს აინტერესებს, დადგა თუ არა კონკრეტულ პირთა პასუხისმგებლობის საკითხი.ამასთან, ვაშაძე „იმედს“ ემუქრება და სიცრუეში ადანაშაულებს.
„თავიდან ბოლომდე ეს ოპერაცია სპეცსამსახურებმა დაგეგმეს. და, რაც მთავარია, ეს ვინმე არახამია საერთოდ გაქრა. „იმედს“, „რუსთავი 2“-ს, „პოს ტვ“-ს – რომ ლიკლიკებთ და საუბრობთ და ტყლაპივით რომ გაქვთ ენა გადაგდებული, ერთი კითხვა მაინც არ გაგიჩნდათ, სად არის ეს ხალხი? დაუყოვნებლივ მოვითხოვ, პასუხისგებაში მისცენ ვინმე არახამია თუ ნებისმიერი ადამიანი, ვინც სავარაუდო დანაშაულთან არის კავშირში. რაც შეეხება ტელეკომპანიებს, თქვენც მოგიწევთ პასუხის გება“, – აცხადებს ვაშაძე.
აღმაშენებლის 75 ნომერში სავარაუდო დანაშაულებრივ ქოლცენტრზე ინფორმაცია „ქრონიკამ“ მხოლოდ ოფიციალურ დოკუმენტებზე დაყრდნობით გაავრცელა. კერძოდ, საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ შენობის 25%-იანი წილის მფლობელი არის გიორგი ვაშაძის ძმა, დავით ვაშაძე, თავად ფართი კი გაქირავებულია მიხეილ არახამიაზე, რომელიც გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინელი პოლიტიკოსის, დავით არახამიას ძმაა.
