პოლიტიკურად ეს საკითხი არასდროს იქნება საბოლოოდ წერტილდასმული, იმიტომ რომ ის მხარე რომელსაც პირდაპირ და ირიბად ეხება ქოლცენტრებთან კავშირი, ყოველთვის იტყვის რომ ეს მისი ბრალი არ არის, თუმცა კანონიერად მათი ქონებებია, მათი ძმები არიან და მათ შენობაში და საკუთრებაში ხდებოდა ის რაც ხდებოდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი ქადაგიშვილმა „ქრონიკასთან“ განაცხადა.
მისი თქმით, ოპოზიცია საგამოძიებო ორგანოების და სასამართლო სისტემის მიმართ უნდობლობის გამოცხადებით თავს იზღვევს, რადგან, გრძნობენ, რომ ადრე თუ გვიან, მათ უკანონო საქმეებთან დაკავშირებით შეიძლება სასამართლო განაჩენი დადგეს.
„ყველა უნდა გავყვეთ გამოძიებას, რომელიც მრავალი მიმართულებით მიმდინარეობს და საკმაოდ ეფექტურია, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ სამყაროში ჩადენილი დანაშაულის გამოძიება ძალიან რთულია და ეს დანაშაული თავისი შინაარსით ძალიან სპეციფიკურია და დაზარალებულების იდენტიფიცირებაც ძალიან რთულია. გამოძიებას სრულ ნდობას უცხადებს ევროჯასტი და ევროპის საგამოძიებო სტრუქტურები და ის რაც ქართულმა საგამოძიებო ორგანოებმა და პროკურატურამ გააკეთეს, არის გარკვეულწილად ნიმუში, რითაც ევროპაშიც ხდება უკვე ანალოგიური თაღლითური სქემების გამოძიება. ოპოზიციას ბუნებრივია არ აქვს ნდობა გამოძიების, რადგან ეს მათ ეხებათ და რომ თქვან, ნდობა გვაქვსო, მაშინ საუბარი დამთავრებულია. დიდი ხნის პიარია რაც აგორებული აქვთ სასამართლოს წინააღმდეგ, საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ, რადგან გრძნობენ, რომ ადრე თუ გვიან მათ უკანონო საქმეებთან დაკავშირებით შეიძლება სხვადასხვა მიმართულებით დადგეს სასამართლო განაჩენები. ხომ არ იტყვიან რომ მართლმსაჯულებას ემორჩილებიან და სწორედ ამიტომ, წინასწარ პოლიტიკური ფონი დემაგოგიურად, პროპაგანდისტულად მუდმივად შექმნილი აქვთ, რომ არანაირ გამოძიებას და სასამართლოს არ ენდობიან“, – აცხადებს ქადაგიშვილი.
