წინანდალში ტელეკომპანია „იმედს“ გადაღების შესაძლებლობა არ მისცეს, თუმცა რადიკალურ ოპოზიციასთან აფილირებული მედიებისთვის დახურული კარი გაიღო.
იგეგმება თუ არა, ახალი პოლიტიკური გაერთიანება?კონსპირაციულ შეკრებაზე წინანდალში „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი და ყოფილი წევრები იმყოფებიან. მათთან ერთად არიან გახარიას პარტიის წარმომადგენლები, რომლებიც ხშირად საუბრობენ, რომ ყოფილი ხელისუფლების წევრებთან, საერთო არაფერი აქვთ. შეკრებას ესწრებიან „ლელოსა“ და „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერებიც.
ტელეკომპანია „იმედის“ კამერამ წინანდალში დავით კეზერაშვილის ტელევიზიის თანამშრომელი, მიშა მშვილდაძეც დააფიქსირა. კახეთშია ბიზნესმენი თემურ ჭყონიაც, რომელმაც „ქრონიკის“ ჟურნალისტს, კახა კუპატაძეს, სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა. რა საკითხებზე საუბრობენ დახურულ შეხვედრაზე, უცნობია.