შავი ზღვის წყალი სუფთაა და დამსვენებლებისთვის უსაფრთხო, ველოდებით კიდევ მეტ ვიზიტორს, – ამის შესახებ ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი მაია ომიაძე აცხადებს.
მაია ომიაძის ინფორმაციით, საქართველოს საზღვაო კურორტებზე ზაფხულის ტურისტულ სეზონზე გაზრდილია დამსვენებელთა რაოდენობა.
„შავი ზღვის საქართველოს სანაპირო ზოლი საერთაშორისო სტანდარტებს და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს, შესაბამისად, საქართველოში, შავ ზღვაში ბანაობა არის უსაფრთხო. ჩვენ მუდმივი კომუნიკაცია გვაქვს კერძო სექტორის წარმომადგენლებთან, შემომყვან ტურისტულ კომპანიებთან, ტუროპერატორებთან, ასევე მუდმივ საინფორმაციო კამპანიას ვაწარმოებთ და საზოგადოებას საქმის კურსში ვაყენებთ და ვატყობინებთ ახალი კვლევის შედეგებს. აღსანიშნავია, რომ ზღვის სანაპირო ტურისტებით არის სავსე, ზაფხულის სეზონი პიკს აღწევს და ველოდებით როგორც საერთაშორისო, ასევე ადგილობრივ მოგზაურებს. დაბინძურების ფაქტი არ დასტურდება ლაბორატორიული კვლევებით. გარემოს დაცვის ეროვნული სააგენტო 10 დღეში ერთხელ იღებს სინჯებს და დამსვენებლებს საფრთხე არ ემუქრებათ“, – განაცხადა მაია ომიაძემ.