მესტიის მუნიციპალიტეტს ახალი, მაღალი გამავლობის რეანიმობილი გადაეცა.
ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ინფორმაციით, ევროსტანდარტების შესაბამისი, თანამედროვე სამედიცინო აპარატურით დაკომპლექტებული რეანიმობილით ნებისმიერი სიმძიმის პაციენტის ტრანსპორტირებაა შესაძლებელი და როგორც მესტიის მუნიციპალიტეტის, ისე მხარის მოსახლეობისთვის გადაუდებელი სამედიცინო მომსახურების დროულად მიღება კიდევ უფრო ხელმისაწვდომი გახდა.
მათივე ცნობით, მესტიის რეფერალური დახმარების ბრიგადა თბილისიდან მიწვეული სპეციალისტებით დაკომპლექტდა.
„გარდა ამისა, მოსახლეობისთვის მაღალი ხარისხის სამედიცინო სერვისის მიწოდების მიზნით, მესტიის საავადმყოფოს კომპიუტერული ტომოგრაფიის აპარატი გადაეცა.
ამჟამად მიმდინარეობს შესაბამისი, კვალიფიციური კადრების შერჩევის პროცესი და კლინიკა აღნიშნულ სერვისს მოსახლეობას უახლოეს პერიოდში ადგილზე მიაწვდის“, – ნათქვამია ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
მესტიის მუნიციპალიტეტის გადაუდებელი დახმარების რაიონულ სამსახურში საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური, საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ალექსანდრე კუტიბაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული გიორგი გუგუჩია და მესტიის მუნიციპალიტეტის მერი კაპიტონ ჟორჟოლიანი იმყოფებოდნენ.
ჯანდაცვის სამინისტრომ 2023 წლის ივლისში ახალი, ევროსტანდარტების შესაბამისი 120 ერთეული სასწრაფო დახმარების მანქანა, მათ შორის, 15 ერთეული რეანიმობილი შეიძინა, რომელთა გადაცემაც გადაუდებელი დახმარების ცენტრისთვის ეტაპობრივად დაიწყო.
ჯანდაცვის სამინისტროში აღნიშნავენ, რომ, გადაუდებელი სამედიცინო დახმარების სერვისის გაუმჯობესებისა და გადაუდებელ შემთხვევებზე ეფექტური რეაგირების მიზნით, ავტოპარკის განახლება მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება.