გელათის რეაბილიტაციის კომიტეტმა 2023 წლის მაისი-ოქტომბრის საქმიანობის შუალედური ანგარიში წარადგინა.
დოკუმენტში შეფასებულია ტაძრის ადრინდელი მდგომარეობა და სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ანგარიშში ნათქვამია, რომ დროებითი გადახურვის პროექტმა გამორიცხა გელათის ტაძარში ნალექის ჩასვლა და ფრესკების დაზიანების საფრთხე.
ამასთან, მასში აღნიშნულია, რომ დაწყებულია კედლის მხატვრობისა და მოზაიკის შესწავლა. სამუშაო პროცესში ქართველ არქიტექტორებთან და სპეციალისტებთან ერთად, ჩართულნი არიან ევროპელი მეცნიერები და ექსპერტები.
ქართული სამეცნიერო ჯგუფის ხელმძღვანელის, აკადემიკოს დავით ლორთქიფანიძის განცხადებით, შექმნილია ტაძრის დროებითი გადახურვის პროექტი, რომელიც „იუნესკოსთან“ შეთანხმებით განხორციელდება. აღნიშნული მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ შემდეგ ტაძარზე რესტავრატორებმა თავისუფლად იმუშაონ. მისივე თქმით, უახლოს პერიოდში საქართველოში „იუნესკოს“ სპეციალისტებს ელოდებიან.