უნგრეთი უკრაინის სამხედრო დახმარებისთვის ევროკავშირის ფონდიდან 500 მილიონი ევროს გამოყოფის დაბლოკვას გააგრძელებს, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ განაცხადა.
უნგრეთის პირველმა დიპლომატმა აღნიშნა, რომ უნგრეთი იმყოფება „უკიდურესი ზეწოლის ქვეშ“, რათა დათანხმდეს ევროპის მშვიდობის ფონდიდან 500 მილიონი ევროს უკრაინისთვის გამოყოფას.
„რა თქმა უნდა, მე ამას არ ვუჭერ მხარს, რადგან ჩვენ ვაგრძელებთ აღნიშნული პოზიციის დაკავებას, ვიდრე უკრაინისგან გარანტიას არ მივიღებთ, რომ OTP ბანკი ან რომელიმე უნგრული კომპანია ცრუ ბრალდებების საფუძველზე ომის საერთაშორისო სპონსორების სიაში არ იქნება შეყვანილი. ვიდრე ეს არ მოხდება, ამ საკითხში ჩვენ წინსვლას ვერ შევძლებთ“, – განაცხადა სიიარტომ.
უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის ფონდიდან გამოყოფილი 500 მილიონი ევრო პირდაპირ უკრაინაში კი არ მიდის, არამედ ევროკავშირის ქვეყნებს იარაღის მიწოდების კომპენსაციისთვის გადაეცემა, ამიტომ „უკრაინის მხარდაჭერაში არავის უშლის ხელს“.