“ოპოზიციურ ფლანგზე ახალი ტიპის ერთიანობის შექმნის იდეა ყოფილმა პრეზიდენტმა გააჟღერა – მიხეილ სააკაშვილი “ნაციონალურ მოძრაობას” ინიციატივით მიმართავს, შეიქმნას პოლიტიკური აქტივობების და ერთობის კომიტეტი, რომელიც ძირითადად გამოიყენება როგორც ოპოზიციის ერთიანობის სათათბირო და სადაც კონსენსუსის გზით ახალი იდეები გენერირდება. ანალიტიკოსების აზრით, სააკაშვილის ახალი ინიციატივა, მისი თავის წარმოჩენის როგორც ლიდერის ერთერთი საშუალებაა, გეგმას კი სავარაუდოდ განხორციელება არ უწერია. “გარდა იმისა რომ ჩვენ გვჭირდება ოპოზიციის სრული კოორდინაცია, მიუხედავად სხვადასხვა შეხედულებებისა, ამ კოორდინაციის გარეშე საქმე არ კეთდება. ძალა ერთობაშია! მე ამაში ვარ აბსოლუტურად დარწმუნებული. მე ასევე მინდა შევთავაზო “ნაციონალურ მოძრაობასთან” ერთად პოლიტიკური აქტივობებისა და ერთობის კომიტეტის შექმნა როგორც არის ამერიკაში. აქ უნდა შევიდეს “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ფრაქციის თავმჯდომარე, გენერალური მდივანი, პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, მაგრამ ასევე უნდა შევიდნენ საზოგადოებისთვის ცნობილი პირები”, თქვა სააკაშვილმა, რომლის აზრით, “უნდა შევიდეს სოფო ჯაფარიძე, რომელიც იქნება მისი წარმომადგენელი ამ კომიტეტში”, – წერს გაზეთი “რეზონანსი” სტატიაში, სათაურით შეიქმნება თუ არა ოპოზიციაში „ერთობის კომიტეტი” – ვინ შეუერთდება სააკაშვილის ინიციატივას.
“„მე მინდა ვუთხრა ყველას, რომ ამ კომიტეტის სუპერპაკეტთან ერთად, ეს უნდა იყოს იდეების გენერირების ადგილი, ეს უნდა იყოს, პრაქტიკულად ყოველგვარი ბიუროკრატიისგან თავისუფალი, მოქნილი, ეროვნული თანხმობის სტრუქტურა, პოლიტიკური სათათბირო, რომელიც ეროვნული თანხმობის და კონსენსუსის გზით იქნება ახალი იდეების გენერატორი, ჩქარი რეაგირებისა და სხვებთან დიალოგის ადგილი, იმიტომ, რომ ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ჩავიკეტოთ. მე მინდა, რომ შევიდე თქვენთან ერთად ამ კომიტეტში, თქვენთან ერთად ვითათბირო და თქვენთან ერთად შევქმნა ის სიტუაცია, რომელიც სრულად არაორაზროვანს ხდის ჩვენს ბრძოლისუნარიანობას და ამ მიმართულებით ყველაფერი ერთად უნდა გავაკეთოთ და ძალიან სწრაფად წავიწევთ წინ. 20-25 ადამიანი უნდა შევიდეს მასში და იყოს მუდმივი სათათბირო. შეიძლება, მომავალი თავმჯდომარეც ავირჩიოთ, როგორც გადავწყვეტთ ყველა ერთად”, – განაცხადა სააკაშვილმა. ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე სააკაშვილის ახალ ინიციატივას ერთობის მანიფესტის იდეას ამსგავსებს, რითაც ის საზოგადოებას თავს ახსენებს”, – აღნიშნავს გამოცემა.
“მე ვფიქრობ რომ მიხეილ სააკაშვილი ცდილობს ასეთი მოწოდებებით, თუ ინიციატივებით რაღაცნაირად საკუთარი თავი შეახსენოს საზოგადოებას ერთი მხრივ, მეორე მხრივ კი ცდილობს, რომ ხელიდან არ გაუშვას “ნაცმოძრაობაში” მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე კონტროლის მექანიზმები. მას თავი როგორც ჩანს, კვლავ წარმოუდგენია დიდი გაერთიანებული ოპოზიციის პოლიტიკურ და სულიერ ლიდერად და ასეთი საინფორმაციო შემოგდებებით, თუ შეიძლება ასე ითქვას, ცდილობს რაღაცა პროცესების ინიცირებას საზოგადოებაში. ეს მე მაგონებს დაახლოებით იგივე სიტუაციას, რაც იყო მის მიერ „ნაცმოძრაობისთვის” თავს მოხვეული იდეა ერთობის მანიფესტთან დაკავშირებით. აქაც ძირითადად პათოსი და ხაზი ერთია, რომ გავერთიანდეთ. რა თქმა უნდა, ამ ერთიანობის სათავეში წარმოუდგენია ისევ და ისევ “ნაციონალური მოძრაობა”. მაინც წამყვანი ძალა უნდა იყოს “ნაციონალური მოძრაობა” და თავად სააკაშვილი”, – აცხადებს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ზაალ ანჯაფარიძე.
“რამდენად მოისურვებენ პოლიტიკური პარტიები, რომლებიც ცდილობენ, რომ თუნდაც გარეგნულად გაემიჯნონ „ნაცმოძრაობას” ისევ ნაც მოძრაობასთან მიცოცებას – მე ვფიქრობ ეს მათ პოლიტიკური და რეპუტაციული ზიანის მეტს არაფერს მოუტანს. ამის ნათელი მაგალითია “ლელო”, რომელმაც დაკარგა ამომრჩეველთა მნიშვნელოვანი ნაწილი იმიტომ, რომ დაიწყო რაღაც პერიოდი “ნაცმოძრაობასთან” პოლიტიკური ფლირტი. ამიტომაც, მე დიდ პერსპექტივას ვერ ვხედავ სააკაშვილის ამ ინიციატივაში. სავარაუდოდ ვინ შეიძლება ამას შეუერთდეს – შეუერთდებიან ალბათ, ის ცნობადი საზოგადო ფიგურები, რომლებიც ჩვენი საზოგადოებისთვის დიდი ხანია აპელირებული არიან “ნაცმოძრაობასთან” და ფაქტობრივად არც მალავენ ამას” – დაასკვნის ზაალ ანჯაფარიძე.
“პოლიტოლოგი რამაზ საყვარელიძე კი “რეზონანსთან” საუბარში აღნიშნავს, რომ სააკაშვილი დაახლოებით იგივეს აკეთებს, რასაც თავის დროზე ნათელაშვილი ცდილობდა “ფანჩატურის” სახით. “ეს ინიციატივა დაახლოებით იგივეს გულისმობს, რასაც ნათელაშვილის ფანჩატური ნიშნავდა – შალვა ნათელაშვილთან იკრიბებოდა მთელი ოპოზიცია, მერე ხელი-ხელ ჩაკიდებული იძახდნენ რაღაცეებს და თვლიდნენ, რომ კოორდინირებულები არიან. ოპოზიცია დაახლოებით იმავე შემადგენლობით, ლიდერები, პარტიული პასუხისმგებელი პირები და ა.შ. – განაცხადა “რეზონანსთან” რამაზ საყვარელიძემ, რომლის თქმით, “ასე რომ აქ ახალი არაფერია”, – წერს სტატიის ავტორი.