“რა თქმა უნდა, პროვოკაციული ხასიათის კანონპროექტები უმრავლესობის მხრიდან არ განიხილება – ჩვენს ქვეყანაში ნებისმიერი მიმართულებით მოქმედი კანონი თავსებადია ევროპის საუკეთესო სტანდარტებთან, ხოლო, ევროპული რეკომენდაციების გათვალისწინებით, საუბარია გარკვეული საკითხების დახვეწაზე”, – ამის შესახებ ჟურნალისტებს „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, ირაკლი ქადაგიშვილმა განუცხადა.
„ამავდროულად, როდესაც ოპოზიცია ისეთ საკითხს აყენებს, რაც პროცესს კარდინალურად სხვა მიმართულებით წარმართავს, ასეთი წინადადების გაზიარება ვერ მოხდება.
მაგალითად, „ლელომ“ ანტიკორუფციული კანონმდებლობის საკუთარი ვარიანტი შემოიტანა. ეს დღევანდელი საქართველოსთვის პოლიტიკური საბოტაჟის კანონია, რადგან ასეთი კანონი ისეთ ქვეყნებში მიიღება, სადაც ქვეყანა, ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი მთლიანად ჩამონგრეულია და არის კორუფციისა და მაფიოზური კლანებისგან მართული.
ასეთი კანონები მხოლოდ ასეთ ქვეყნებში მიიღება და არა ინსტიტუციურად განვითარების ისეთ მაღალ დონეზე მყოფ ქვეყანაში, როგორიც არის საქართველო. ჩვენ ვართ ის სახელმწიფო, რომელსაც რეფორმების ევოლუციური გზით გაგრძელება სჭირდება“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.