ვინც ნამყოფია მოლდოვაში, საქართველოსა და უკრაინაში, როგორ შეიძლება თავს უფლება მისცეს და თქვას, რომ საქართველო ჩამორჩება ამ სახელმწიფოებს, ეს ჩემთვის უბრალოდ გაუგებარია, – ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.
„ასევე გაუგებარია ის, როგორ შეიძლება ეს ყველაფერი ამტკიცო, როდესაც უკლებლივ ყველა ამ საკითხთან დაკავშირებით გაქვს აბსოლუტურად ამომწურავი შეფასებები, მათ შორის გლობალური შეფასებები. იმ ფონზე, როდესაც არაერთი რეალური მტკიცებულება გამოაშკარავდა, რომ, სამწუხაროდ, ოპოზიციის დიდმა ნაწილმა თავის არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად დიდი შრომა ჩადო იმაში, რომ საქართველოს შესახებ შექმნილიყო არასწორი, დამახინჯებული შთაბეჭდილება. სამწუხაროდ, არიან პოლიტიკოსები და არასამთავრობო ორგანიზაციები, რომელთათვისაც ასე დგას საკითხი: მათთვის არაა პრიორიტეტული საქართველოს ინტერესები, ვიდრე მათთვის სასურველი ხელისუფლება არ იქნება საქართველოში“, – აღნიშნა სარჯველაძემ.
საქართველო ევროკავშირთან მოლაპარაკებების გახსნის მოლოდინშია და პარტნიორებთან შეხვედრებს აქტიურად მართავს. ამ ფონზე მესამე სექტორისა და ოპოზიციის ნაწილი ქვეყნის ევროპული მომავლის დაზიანებას ცდილობს.