ისრაელი ღაზის სექტორში „ჰამასის“ წინააღმდეგ ოპერაციას განაგრძობს. „ცაჰალი“ იორდანეს დასავლეთ სანაპიროზე, ქალაქ ჯენინში ისლამური ჯიჰადის ლიდერის ლიკვიდაციის შესახებ იუწყება და ოპერაციის ამსახველ ვიდეომასალას ავრცელებს.
პარალელურად, ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ომის კაბინეტს გააცნო დოკუმენტი, რომელიც ომის დასრულების შემდეგ ღაზის სექტორში ისრაელის გეგმას ასახავს. მასში ნათქვამია, რომ „ცაჰალი“ გააგრძელებს ანკლავში სამხედრო მოქმედებებს, სანამ ჰამასის სამხედრო შესაძლებლობას და ინფრასტრუქტურას არ გაანადგურებს და დაჯგუფების მიერ გატაცებულ მძევლებს არ გაათავისუფლებს. ისრაელი ღაზის სექტორში ოპერატიული მოქმედების უფლებას უვადოდ დაიტოვებს, რათა არ დაუშვას ტერორისტული დაჯგუფების ინფრასტრუქტურის აღდგენა. დოკუმენტის პუნქტები ღაზის სექტორის გარშემო უსაფრთხოების ბარიერების აღმართვას, ასევე იორდანეს დასავლეთ სანაპიროსა და ზღვის ტერიტორიაზე ვითარების კონტროლის უფლებას ითვალისწინებს. რაც შეეხება სექტორის აღდგენას, მის დაფინანსებას მხოლოდ ისრაელისთვის მისაღები ქვეყნები შეძლებენ.